წარმოიდგინეთ მხედარი იგი!


ნინო დარბაისელი

წარმოიდგინეთ მხედარი იგი!

აი, მხედარმა  ამოაგელვა ცხენი თვისი,
აი, გაიღო ციხე-ქალაქის წინა კარიბჭე,
ჩამოხდა იგი
მხურვალებისგან ტუჩდამსკდარი,
ზედ სისხლშემხმარი
და ცხენი თვისი  მხედარმან იმან აღვირით მისით  შეიძღოლა,
ჭიშკარსა შიგან,
საკრებულოში მსხდარ უხუცესებს და ბრძენთა კრებულს მიეახლა თავმოდრეკილი და სულმოთქმულმა უპასუხა  იმათ კითხვებს სიტყვის აწონვით,
უხუცესებმა დასტურის ნიშნად თავი დაუკრეს.
მხედარმან იმან აღვირი იგი წინშეგებებულ მეჯინიბეს გადაულოცა.
და ქვაფენილს ფეხით აუყვა.

მწუხრის ჟამია,
დღეს დაისვენებს,
მტვერს ჩამოიბერტყს,
იბანავებს,
თავსაც შეიქცევს უცხო ქვეყნიდან მოყვანილი,
დატყვევებული მეძავებით,
ნელსაცხებლით რომ დაუზელიათ ფერად- ფერადი ქსოვილებიდან გამომჭვირვალი სხეულები.

დაე,  იცეკვონ ტანკენარებმა
ყველამ ერთად
და დაამშვენონ ბორდელის ეზო,
იმათგან მხოლოდ ერთს ამოირჩევს, შეიყვანს ცალკე განსაცხრომელში,
ეროტიკული რაღაც სცენებით,
სინგურითა და მუქი მწვანით
უხვად კედლებშემოხატულში,
სირმით ნაქარგი ბალიშ- მუთაქით გაწყობილში,
ტაბლაზე ჩირი,
თხილეული,
ბანგი ედება
და ქალი იგი  ყველაფერს იზამს,
რომ გზით დაღლილი რამით აამოს,
ღამით აამოს,
დილით კი,
დილით, ადრიანად შეიმოსება სტუმარი იგი
და უცხო ძღვენით  წავა მონებდამშვენებული,
დიად ხელმწიფეს მიეახლება და ჩამუხლული სიტყვას ჰკადრებს,
გრაგნილს გადასცემს…
წარმოიდგინეთ ეს ყველაფერი, წარმოდგინეთ!
აამუშავეთ საკუთარი წარმოსახვანი!

აქ, ამ ადგილას ჰეროდე დიდის სასახლე იყო,
ამ შადრევნებში შხეფოვანი ნიაღვრები ედინებოდა,
წარმოიდგინეთ ულამაზეს ქალთა სახენი,
შესამოსელი,
მიმოხვრანი ამ ადგილებში,
ოჯახებიც წარმოიდგინეთ
მოგესმით ხმანი არფებისა,  სალამურების და ციმბალების
და საყვირების ხმებიც გესმით,
დაახლოებით ორიათას წლის წინანდელი?

რა სიჩუმეა!
ის - გიდია, ათასნაირ ტრენინგგავლილი,
მე - ტურისტი, საიდანღაც მოხეტებული.
მე დამეღალა წარმოსახვა ყორეზე დგომით, 
რეალობასაც ძლივს აღვიქვამ,
რეალობაში - ქვები ყრია, ლოდები ყრია,
ყორეა მხოლოდ.
ყორე რა არის?
ნაშალია ძველ შენობათა,
ქვის შენობათა ნაშალია და იქვე ყრია.

მე მეძინება!
მეძინება!
და მე ვიძინებ ნაპოვნ  ჩრდილში,
ლოდზე დამჯდარი,
დღემდე  უცნობი ბიჭის ბეჭზე თავმიდებული.

აი, მოდიხარ!
შენ მოდიხარ ნაბანავები
და თავს შეიქცევ უცხო ქვეყნიდან მოყვანილი,
დატყვევებული მეძავებით,
ნელსაცხებლით რომ დაუზელიათ ფერად- ფერადი ქსოვილებიდან გამომჭვირვალი სხეულები.

დაე,  იცეკვონ ტანკენარებმა
ყველამ ერთად
და დაამშვენონ ბორდელის ეზო,
იმათგან მხოლოდ ერთს ამომირჩევ, შემიყვან ცალკე განსაცხრომელში,
ეროტიკული რაღაც სცენებით,
სინგურითა და მუქი მწვანით
უხვად კედლებშემოხატულში,
სირმით ნაქარგი ბალიშ-მუთაქით გაწყობილში,
ტაბლაზე ჩირი,
თხილეული,
ბანგი გედება,
ყველაფერს ვიზამ,
რომ გზით დაღლილი რამით გაამო!

რეალობაში?!  - ქვები ყრია,
ლოდები ყრია,
და  ეს ცხოვრებაც და
რამდენიმე ათასწლეულიც  დღეს ყორე  არის.
წარმოსახვასთან რას მოვა ყორე!

ისიც არ მახსოვს, ეს ამბავი რას მოვაყოლე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი