ნელი ტანგო -პროზიდან პოეზიაში (გ.რჩეულიშვილი, მ. ლებანიძე
ნინო დარბაისელი სტრონი ნელი ტანგო - პროზიდან პოეზიაში (გ. რჩეულიშვილი - მ. ლებანიძე) ამას წინათ ერთ ახალგაზრდა კრიტიკოსთან კომენტარი დავტოვე ერთ ლიტერატურულ საიტზე , (მერე, მგონი, ოპუსადაც ვაქციე), ქართული კონვენციული ლექსის განვითარების პერსპექტივას პოლიფონიაში ვხედავ-მეთქი და ნიმუშად მურმან ლებანიძის ლექსი ვიგულისხმე, რომელსაც ქვემოთ მოვიხმობ მჯერა, ჩემსავით ბევრს გიყვართ. ამ ლექსს გარდა პოლიმეტრული რიტმისა, უცნაური შინაგანი კომპოზიციაც აქვს, ასოციაციური რკალური ნახტომებით ბმა კომპოზიციურ ნაწილებს შორის. აქ თითქოს დიდი, ტრაგიკული ემოციიდან - ლექსის დაბადებამდელი რაღაც მომენტია მოხელთებული. და ეს ყველაფერი მოქცეულია მცირე ზომაში. სათქმელისთვის - ლექსის ოპტიმალური ზომის განსაზღვრა, მეტადრე თანამედროვე ქართულ თავისუფალ ლექსში, ხომ ტიპობრივ პრობლემადაა ქცეული და ამ მხრივ სხვაზე ნაკლები ცოდვა არც ამ წერილის ავტორს მიუძღვის . ადრე ალბათ ამ ლექსზე რომ მესაუბრა თქვენთან, უფრო იმის ნიმუშად დავასახელებდი, თუ სიტყვა “სხვათაშორის” - როგორ ზიდავს მთელს პოეტურ- კომპოზიციურ კონსტრუქციას. მთელი ცხოვრებაა ვუტრიალებ ამ ლექსს, როგორც ამოცანას და ახლა, მგონი, ახალ რაღაცას მივაგენი. ვცდი, ვიტყვი და თუ არ გამომივიდა, არ დამძრახოთ! *** სიტყვა ,,სხვათაშორის” რა ფუნქციის მტვირთველადაც მიმაჩნდა აქამდე, ეტყობა, მთლად ზუსტი არ ვიყავი. ახლა ვფიქრობ, რომ რაღაცას მეტისმეტად ვაზვიადებდი… იგი არა მზიდი, არამედ ,,თანამზიდი” ჩანს, ხოლო ძირითადი მზიდად მესახება სტრიქონი: ,,ნელი ტანგოა ეს ქვეყანა, გურამ!” შეიძლებოდა, უბრალოდ, აღგვენიშნა, რომ აქ პოეტი ტრაგიკულად გარდაცვლილი მეგობარი პროზაიკოსის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოების სათაურს ახსენებს , ოღონდ უბრჭყალებოდ (,,ნელი ტანგო”) და ამას დავსჯერებოდით, ან უფრო შორს “გაგვეცურა” - რეალურ ფაქტს - სხვისი გადარჩენისას გურამის დახრჩობასა და მის ცნობილ მოთხრობაში გადმოცემულ ამბავს შორის - კაცი რომ დახრჩობისგან ცოლ-შვილის გადარჩენისას თვითონ იღუპება - აშკარა კავშირი დაგვეფიქსირებინა და დანანებით გვეთქვა, რომ მწერალმა იწინასწარმეტყველა საკუთარი გტრაგიკული აღსასრული… მაგრამ საქმე გაცილებით საინტერესო ჩანს. მათთვის, ვისაც ლირიკული ნაწარმოების კომპოზიციაზე ნაკლები ინფორმაცია აქვს, მოკლედ განვმარტავ: ეს ლექსი სამი სტროფოიდისგან შედგება. სტროფოიდს ვუწოდებთ ლექსის რიტმულ-ინტონაციურად გამოყოფილ გრაფიკულ ბლოკს, რომელიც - რიტმულად არც თანაზომიერია სხვა ბლოკებისა და არც პოტენციურად თანაზომიერი. მარტივ არითმეტიკას მივმართოთ და გადავთვალოთ სტრიქონები: 1. პირველი სტროფოიდი - რეფრენული წყობისაა, (“მე რა ვიცოდი”) და 10 სტრიქონია. უფრო ზუსტად, მაგრამ ზერელედ ზერელედ რომ ვთქვათ, ეს იქნება ხალხური ხმითნატირლების ცხრამარცვლედს პლიუს რეფრენი (ლექსის კვლევის პროფესიონალებო, ლექსმცოდნენო, მაპატიეთ, რომ ტაეპს არ ვიყენებ! - არ ვაპირებ აქ რთულ სტრუქტურულ ანალიზს). 2. მეორე სტროფოიდი 6 სტრიქონს მოიცავს. 3. მესამე - 7-ს ბეჭდურად გამოქვეყნებული ტექსტის მონაცემები რამდენად ზუსტად ემთხვევა ჩემს ზეპირ ანგარიშს, ვერ გეტყვით, მეხსიერებას ვეყრდნობი, თუმცა ზუსტად, დაბეჯითებით გეტყვით ერთს, რომ ლექსში ნამდვილად გვაქვს სტროფოიდები და არა სტროფები! რეფრენი, რომელიც პირველი სტროფოიდის გარდა, აღარ მეორდება, იქცევა რიტმული იმპულსად, რიტმულ ექოდ, რომელიც ვარიაციებს ქმნის ქორე- დაქტილურ რიტმთან, მეორე “მარიტმიზირებელი” ფაქტორია - მ ორმარცვლიანი, ქორეული აგებულების საკუთარი სახელი ,,გურამ!” ეს სახელი სამსავე სტროფოიდში მეორდება და ამ განმეორების წყალობით, ჯერ ლექსის კიდევ ერთი რიტმულ-ინტონაციური და შემდგომ, მაღალ საფეხურზე კი მთელი ლექსის კომპოზიციური ფიქსატორია. ზოგადად, ლექსის კომპოზიციას აქვს შინაგანი და გარე მხარეები, ასე ვამბობთ პირობითად, სამუშაოს გასაადვილებლად, თორემ, სინამდვილეში, არ არსებობს კარგი ლექსის არათუ კომპოზიციური, არამედ არცერთი მომენტი, რომელიც უნისონში არ მუშაობს, ყველაფერ დანარჩენთან, როგორც აქ, ამ შემთხვევაში. გარე კომპოზიციაზე ფიქრისას, უნდა აღვნიშნოთ, რომ პირობითად, იგი ასეა აგებული: პირველი სტროფოიდი - პირადი დამოკიდებულება - ადრესატსა და ავტორს შორის (ფსიქოლოგიურად ცნობილი რამ. ვიღაცის დაკარგვის, დაღუპვის შემთხვევაში ხომ მუდამ ახლიდან ,,ვკითხულობთ” ჩვენი ურთიერთობის მთელს ისტორიას და რაღაცას, მიმანიშნებელს ვეძებთ. და თითქოს ვპოულობთ კიდეც ჩვეულებრივ, ყოფით ურთიერთობაში, რაღაც ნაწინასწარმეტყველებს, მიმნიშნებელს მომხდარის შესახებ (“მე რა ვიცოდი”). მეორე სტროფოიდი უკვე მომხდარს გვაგებინებს. მესამე - შემაჯამებელია, თითქოს სონეტის ჟანრობრივი, მსუბუქი მონახაზივითაა, არა?! (თეზა - ანტითეზა - დასკვნა?) დასკვნითი სტროფოიდი გვაცნობს, თუ რა მოხდა “პოსტ ფაქტუმ” , ანუ ტრაგიკული შემთხვევის მერე. მე ამ ოპუსის წერა კონკრეტული მიზანდასახულებით დავიწყე და ვატყობ, სათქმელმა შემიყოლია და ლექსმცოდნეობით ტრადიციის - ერთი ლექსის ანალიზისკენ გამიტყუა. უმჯობესია, კონკრეტულ საკითხს დავუბრუნდეთ. კერძოდ, ვცადოთ, გავარკვიოთ, თუ გარდა ზემოთ ნახსენებისა, რა ფუნქციას ასრულებს სტრიქონი: “ნელი ტანგოა ეს ქვეყანა გურამ!” ამაზე საპასუხოდ უნდა გავიხსენოთ, რომ თემატურად - გურამ რჩეულიშვილის აღნიშნულსათაურიან პროზაულ ნაწარმოებში გადმოცემულია ამბავი, თუ როგორ დაიღუპა მამა, რომელმაც ზღვაში დახრჩობისაგან იხსნა საკუთარი ცოლ- შვილი, … მაგრამ, როგორც ზემოთ აღვნიშნე, აქ გაჩერება არ ეგების. გურამ რჩეულიშვილის პროზაულ ნაწარმოებში სწორედ კომპოზიცია იმდროინდელი ქართული პროზისთვის უცნობი (ან ნაკლებად ცნობილი) ხერხითაა აგებული. კერძოდ, ტრადიციული კვანძის გახსნა უშუალოდ მომხდარს კი არ მოსდევს, ან ამ ამბის რაიმე ნაწილი კი არაა, ასე ვთქვათ ფაბულის გასიუჟეტების წყალობით არამედ საერთოდ “გატანილია” სხვაგან. ( გავიხსენოთ: პირველი, დიდი ნაწილი მოთხრობისა მთავრდება იმით, რომ მთელი ოჯახი უკვე ნაპირზეა გამოყვანილი და მაშველები წყალნაყლაპი დედისა და ბავშვის გადასარჩენად ირჯებიან, აქაა აქცენტი!). რა ხდება მოთხრობის მეორე, დასკვნით ნაწილში, რომელსაც სრულიად სხვა რიტმიკა, სხვა ანტურაჟი, ასევე სრულიად სხვა მოქმედი პირები ჰყავს? რა და - ,,ტანცებზე” ნელი ტანგოს მუსიკაზე, ვინმე ბიჭი ცდილობს, საუბარი გააბას ცეკვის პარტნიორ უცხო გოგოსთან, ოღონდ ტიპობრივი “შემბმელი” კლიშეებით გაბეზრებული ბიჭი ახალ გზას ეძებს და იმ დღეს მომხდარის შესახებ ეკითხება. თუ გაიგეთო. ასე, მისი ,,სხვათაშორის” ნათქვამიდან ვგებულობთ, რომ ცოლშვილის გადამრჩენ მამას მამას ჯერ კიდევ ნაპირზე გამოსვლამდე გული გახეთქვია და ნაპირზე მომკვდარა. აი, ამ პროზაული კომპოზიციის ანალოგიური აგებულება აქვს ლექსსაც. სიტყვა ,,სხვათაშორის” ლექსში იქცევა იმ კორელატად, რომელიც გვაბრუნებს უკან ლექსის საყრდენ სტრიქონთან - “ნელი ტანგოა ეს ქვეყანა, გურამ”. დასასრულ, მთავარი კონცეფცია რჩეულიშვილის ნაწარმოებისა შეიძლება ასეც ჩამოვაყალიბოთ: - ის, რაც ჩვენთვის ტრაგედიაა, სხვისთვის შესაძლოა, სხვათაშორის მოსაყოლ ამბად იქცეს. ამგვარადვე “ითარგმნება” ლებანიძის ლექსის ;;ბიჭებიანი’ სტროფოიდიც. ვფიქრობ, ეს ლექსი- შედევრი ამ მხრივაც უნიკალური მოვლენაა. მურმან ლებანიძე გურამ რჩეულიშვილის ხსოვნას გურამ! ახალციხესთან ტბა ყოფილა - მე რა ვიცოდი! გურამ! ტბასთან სათიბი ზღვად ყოფილა, მე რა ვიცოდი! იქ სლავურ სოფელს რა უნდოდა, მე რა ვიცოდა! და სანადიროდ, საკალმახოდ, ცხენთა სახედნად რომ მპატიჟობდი, ვეღარასოდეს თუ ვერ გნახავდი, მე რა ვიცოდი! "ნელი ტანგოა" ეს ქვეყანა, გურამ! ხომ არ იცეკვებო, - ათასჯერ მორიდებით მკითხეს!... აბასთუმანში, ჭიქა არაყზე, "გურამი დამხრჩვალაო",- სხვათაშორის ბიჭებმა მითხრეს... აწ გვაგონდები ჩუმი სევდით და ჩუმი წყენით, ვინც კაცურ მჯიღით გრანიტებს ფშვნიდი. გურამ, შენს წიგნზე დავხატეთ ცხენი - შენს კისერს უგავს კისერი - მშვილდი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი