მამა, მე და შენ...


გამარჯობა მაა
არც ვიცი რა გითხრა, მაგრამ საუბარი მომინდა შენთან
მერე ძალიან მარტო რომ არ ვყოფილიყავით ჩავრთე ჩემი მუსიკა და ასე დავიწყე.
შემეშინდა შენთან მარტო დარჩენის
ვაითუ გეთქვა მოდი მა, კალთაში ჩამიჯექიო.
ვაი თუ თავი პატარა გოგოდ მეგრძნო და მართლა მოვსულიყავი
ვაი თუ გეკითხა მერე როგორ ხარ, როგორ ცხოვრობო
ან გვეგიჟა ერთად
ან გვეკამათა რატომ დავდივარ ზამთარში ვარდისფერი ბოტასით
ან, ან არ ვიცი...
ოჰ როგორ მინდა შენი დავიწყება
როგორ მინდა მოგიჯახუნო კარი ისე, რომ გულიც არ გეტკინოს და სამუდამოდ წარსულში დაგტოვო.
როგორ მინდა ერთხელ მაინც ამოვიდე საფლავზე ისე, რომ შევძლო და ვიტირო.
გამოგიტირო ერთხელ და სამუდამოდ.
გამოგიტირო ტკივილით სავსე თვალებით ხმამაღლა, ისე რომ ვერავინ გაიგოს.
მერე ავიღო ჩანთა და ასე უემოციოდ დავტოვო იქაურობა.

როგორ არასოდეს ვიცი რატომ და რისთვის ვიწყებ შენთან საუბარს. 
რა ჰქვია ამას? 
როდემდე შეიძლება რჩებოდე ჩემს მეხსიერებაში ასეთი სევდიანი, ასეთი ლამაზი და ხშირად არაადეკვატურიც.
ნუთუ არასდროს წახვალ ჩემი გონებიდან 
ახალი წელი მოდის
მოლოცვას არც ვაპირებ, მჯერა არ გჭირდება.
არჩევანს ვერ ვაკეთებ რა ფერის ბურთები დავკიდო წელს ნაძვის ხეზე
გეცოცხლა რაა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი