დაბადების დღეს გილოცავ მა...


მაა დიდი შანსია, რომ შენ ამას ვერ წაიკითხავ, რადგან Facebook-ი არ გაქ და ვერც ვერავინ მოგიყვება ამ პოსტზე.
არ ვიცი როდის დაგიძახე მამა პირველად ან ბოლოს, ეს უბრალოდ იმდენი ხნის წინ იყო...
არ ვიცი რას ვგრძნობდით მაშინ როცა მამას გეძახდი, როცა ვსეირნობდით, როცა რაღაცას გვყიდულობდი, მაგრამ ვიცი რას ვგრძნობ ყოველთვის როცა შენზე ფიქრს გავურბივარ. 
სულ რაღაცას ვაპროტესტებ შენთან დაკავშირებულს, თავად შენ გაპროტესტებ გამუდმებით და სინამდვილეში ეს პროტესტი ტკივილთან გამკლავების ერთ-ერთიი ეფექტური ხერხია.
არ მიყვარს იქ მოსვლა სადაც დაგტოვეთ. 
არ მესმის რატომ უნდა მივიდე იქ სადაც გავატარე ჩემი ბავშობის ყველაზე ცუდი წუთები. მითუმეტეს რომ არც შენ დამხვდები.
მე ვარ 27 წლის და სულ რაღაც 3-4 წელიწადში მე შენზე უფროსი გავხდები...ეს არის ყველაზე დრამატული მომენტი ჩვენი მამა-შვილობის.
მამა-შვილობა, როგორ მეუცხოვა ეს სიტყვა. ვერ ვიტყვი რომ როდესაც ვხედავ სხვა მამას და შვილებს მე ამ დროს ტკივილს ვგრძნობ. უფრო ინტერესი მკლავს როგორები ვიქნებოდით. როგორი იქნებოდი შენ ასეთი ლამაზი ბიჭი ბაბუის როლში. 
როცა დაბერდებოდი აუცილებლად მოგიტანდი ხოლმე ბევრ შოკოლადს და ერთად ვიჯერებდით გულს. 
კიდევ რა... არ ვიცი ბევრი არაფერი შენზე მაა, მინდა რომ ვიცოდე, მაგრამ 30 წელი, ეს ძალიან ცოტაა მე კი გაზრდა ვერ მოვასწარი...

გილოცავ დაბადების დღეს ჩემო ლამაზო პატარა ბიჭო

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი