შემხვდები და გაოცდები


დროის ფუნჯმა თვალთან ისე
მომახატა ნაოჭები,
ისე ფრთხილად და ფაქიზად,
შემხვდები და გაოცდები.

შემხვდები და წამსვე მიცნობ,
ისევ შენად დამიგულებ,
თითქოს მხოლოდ გუშინ იყო,
რომ მიძღვნიდი თაიგულებს.

ისევ შენად დამიგულებ,
თითქოს წლები არც გასულა,
თავქარიან ჩვენს სიყვარულს,
შემახსენებ კვლავ ფარულად.

ნაოჭსაც მას დააბრალებ:
"ჩემს ლოდინში გაგჩენია,
მოდი, ერთად გავაგრძელოთ
გზა, რაც, ჩემო, დაგვრჩენია".

მე კი გეტყვი: "დრო ამ ჩემს გულს,
იარებად ამჩნევია,
შენ კი არა, ნაოჭებად
მე ცხოვრება მამჩნევია"...

დროის ფუნჯმა თვალთან ისე,
მომახატა ნაოჭები,
შემხვდები და წამსვე მიცნობ,
შემხვდები და გაოცდები!

ნინო მღებრიშვილი
9 აგვისტო 2021

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი