ეს ქართული ხეა, მოჭრილი
ბიჭს, რომელიც წამლისგან გათიშული იპოვეს ბრაიტონზე შენზე მომინდა ლექსის წერა, გაწყრა კალამი: - არა, არ უთხრა მისი ტრფობით როგორ იწვოდი, შენს გოგოობას ჩაიცვამდი ფრიალა კაბას, და გრძნობით სავსემ სიყვარული სხვა არ იცოდი… შეჰხაროდი და სიყმაწვილე მზეობდა ირგვლივ, ქართველი ბიჭის სიყვარული გულით დაგქონდა, შენს გოგოობას გვირილებსაც ეკითხებოდი; იქნებ უყვარდი? ანდა იქნებ სიყვარული სულაც არ ჰქონდა. თავს აწონებდი მთელი გულით, მთელი ძალ - ღონით, ქალური შარმი შენს სინაზეს კდემას მატებდა, ჩიტი - ჩიორა, - შენი გრძნობის მესაიდუმლე, მაღლა ჭიკჭიკით სიყვარულის ამბავს ამხელდა. ახლა კი… ახლა უცხო ქვეყნის მიწაზე უმზერ, ეს ის ბიჭია, ტალახში რომ გდია მოსვრილი, ნამთვრალევსა თუ ნაკაიფარს, სახედაკარგულს, ერის ტკივილს თუ… ეს ქართული ხეა მოჭრილი… თავს აწონებდი, გინდოდა, რომ შეჰყვარებოდი, ქართველი კაცის მუდამ გწამდა, მუდამ გჯეროდა, ახლა ის გოგო, დაღვრემილი და გაბუტული მანდვე, შენთან დგას, შემოგცქერის შენი ჩეროდან… ნინო მღებრიშვილი 4 ივლისი, ბრაიტონი 2023
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი