სიყვარულის უკვდავება


ბიჭმა გოგო დაინახა,
მოკისკისე, პატარა,
თურმე მისი სიყვარული
უბით ჩუმად ატარა.

გვიან, როცა გაზაფხულზე
აყვავილდა ნუში,
ნუკრისთვალა გოგო, ბიჭმა
ჩაიხუტა გულში.

მერე ხელი ჩაჰკიდა და
გზას გაუდგნენ ერთად, 
სიყვარულის, სიხარულის,
ცისარტყელას ფერთან...

შეჰხაროდნენ ერთმანეთს და 
გულს უთბობდათ კერა,
დაივიწყეს ყველაფერი,
სიყვარული – ვერა.

შვილებსა და შვილიშვილებს
ვერ იტევდა კალთა,
ყველას მათი სიყვარულის 
უკვდავების სწამდა...

და ერთხელაც... ჭარმაგ მოხუცს
მოეკვეთა მუხლი,
თითქოს სახლში შემოიჭრა
ასწლოვანი მწუხრი...

წასვლა უნდა ბერიკაცს,
სურს ეახლოს ღმერთს,
მაგრამ თმაჭაღარა გოგო
აღარ უშვებს ხელს!...

28 ივნისი 2014

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი