მომნატრებია...


მომნატრებია, რომ ვიყო ქალი,
წინსაფრით, ცომით თითებდასვრილი,
შინ ბრუნდებოდეს საღამოს ქმარი,
ვეგებებოდე სუნით – ვანილის.

მომნატრებია, რომ ვიყო დედა,
შვილებზე ფიქრით, ზრუნვით დაღლილი,
შინ ბრუნდებოდნენ ბავშვები ერთად,
წიგნებით ხელში, ხელში ყვავილით.

მომნატრებია, რომ ვიყო სახლში,
მერცხლის ჭიკჭიკი მითბობდეს დილას,
ვინ, ვინ დასთვალოს ამქვეყნად ქალი,
უსამშობლობა რომელსაც სტკივა...

მომნატრებია...
რომ ვიყო ქალი,
ვალამაზებდე ოჯახს და კერას,
და სანამ ქვეყნად ამაყად დავალ,
ქართველი ქალი ბოლომდე მერქვას!

23 სექტემბერი 2016

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი