ტკივილიანო საქართველოვ!
ტკივილიანო საქართველოვ, სამშობლოვ ჩემო, ღიმილის ფარი აიფარე სახეზე ნიღბად, შენ კარგად იცი უიმედო ოცნების გემო, უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩო გტკივა... ბევრი ჭრილობა გაბნევია გულზე ყაყაჩოდ, მრავალი გმირის სამუდამოდ დადუმდა ენა, გჯეროდეს, მტერი ვერასოდეს ვეღარ დაგჯაბნის, დარაჯად გიდგას ცხრა ვაჟკაცის მშობელი დედა! ჩემო ლამაზო საქართველო, უტეხო სულით, დაუდეგარო, ძლიერო და შობილო გმირად, კვლავ გაიღიმე, არ აჩვენო მტერსა და დუშმანს, რომ არსაკიძის მოკვეთილი მარჯვენა გტკივა. შენი წალკოტის შესადარი ტურფა მთა – ბარი, ამ დედამიწას აჰკინძვია გულ – მკერდზე მძივად, და ნურასოდეს ნუ გაამხელ, რომ გონაშვილის მოულოდნელად შეწყვეტილი "ურმული" გტკივა. ჩემო ობოლო საქართველოვ, მიყვარხარ ძლიერ, და შენს იარებს ვეფერები ფიქრებში ხშირად შენ ესიზმრები შენს მკერდიდან აწყვეტილ ღილებს, დედამიწაზე გაფანტული შვილები გტკივა! ტკივილიანო საქართველოვ, ჩემო სამშობლოვ, ღიმილის ფარი აიფარე სახეზე ნიღბად, შენ კარგად იცი, უიმედო ოცნების გემო, ნუ ეტყვი ნურვის, თუ რამდენი ღალატი გტკივა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი