მე მოვდიოდი...
ჩემს შესახვედრად გამორბოდა ცელქი არაგვი, თითქოს ტალღებზე თამაშობდა ჩემი ბავშვობა, ჩიტი – ჩიორას მოყოლილი ტრფობის არაკი ჩემს სიყვარულზე, ლაჟვარდოვან ცას მიაპობდა. მე მოვდიოდი... გზად მხვდებოდა ბევრი ღიმილი, ასე ნაცნობი, ასე თბილი და მშობლიური, ეს ვაზი ტირის, ანუგეშებს მერცხლის ჭიკჭიკი და დედის ტკბილი იავნანა – ლოცვა ღვთიური! მომნატრებია ყოველი ხე, ყველა ბილიკი, სახეშეცვლილი, მაგრამ მაინც ნათელი, წრფელი, ბუმბერაზ მთებსაც დასთამაშებთ თურმე ღიმილი, და მოლოდინით გადაღლილა ალაზნის ველი... ჩემს შესახვედრად გამორბოდა ჩემი ბავშვობა, თამაშით დაღლილს აქამდე რომ ტკბილად ეძინა, მე მიხაროდა თმებზე სიოს ნელი შეხება, მსურდა ეს ხმები, სანატრელი, მუდამ მესმინა. 14 ოქტომბერი 2015
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი