წუხელ სიზმარში დავეძებდი ყმაწვილქალობას
წუხელ სიზმარში დავეძებდი ყმაწვილქალობას, ჩითის კაბაში გამოწყობილს, ცელქს და მხიარულს, წიფლის ტოტებში მიმალული ჩიტის გალობას, ფოთოლთ შრიალში ფეხშიშველა გოგოს სიარულს. წყაროს სიცილი იფრქვეოდა ირგვლივ წვეთებად, ნიავი თითქოს ნაცრისფერ ცას უმღერდა "ნანას", ყმაწვილქალობა – ჩამოქნილი ლამაზ წვივებად, დიდი ყაყაჩო ამშვენებდა უბრალო კაბას... წუხელ სიზმარში დავეძებდი ბედნიერებას, ჟამთა სვლას იქვე უდარდელი ძილით ეძინა, პატარა გოგო შემდგარიყო დედის ქუსლებზე, ყმაწვილქალობავ, შენთან ერთად გამომეღვიძა! 3 ივნისი 2015
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი