ემიგრანტის ლოცვა


სურათებიდან დანახულო ქართულო ზეცავ,
ემიგრანტების შემოგცქერის თვალი – ნამიანი,
უღრუბლო კაბა, დაე, მუდამ უსაფრთხოდ გეცვას,
დაე, მარადჟამს გიფარავდეს წმინდა მარიამი!

ქართულო მთებო, აზიდულო ცამდე, ხნიერო,
მუდამჟამს ძუძუს გაწოვებდეს მიწა – მადლიანი,
ზურმუხტისფერო, ვარდისფერო სამშობლოვ ჩემო,
დაე, ყოველთვის გიფარავდეს წმინდა მარიამი!

მარად ჰყვაოდეს შენი მთა და შენი ბუნება,
მეგუთნის ღიღინს ვერ ჰფარავდეს ხმები სახნისის,
შენ უფლის დედის წილხვდომილი გქვია ქვეყანა,
და ის ქალია, შენი დიდი დიასახლისი.

ჩემო ლამაზო, დახატულო ქართულო ზეცავ,
ემიგრანტების შემოგცქერის თვალი – ნამიანი,
უღრუბლო კაბა, დაე, მუდამ უსაფრთხოდ გეცვას,
დაე, მარადჟამს გიფარავდეს წმინდა მარიამი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი