*** (შემოდგომას ჩაუცვამს ოქროსფერი კაბა)
შემოდგომას ჩაუცვამს ოქროსფერი კაბა, სატრფოს მოსვლას მოელის, საიდუმლოს მალავს... დაშრიალებს, დაფრიალებს, მწიფს, ეცვლება ფერი, მის ძარღვებში მაჭარივით დუღს, ეს გრძნობა წრფელი. ხან წყაროსთან ჩაიმუხლებს, ეკითხება ამბავს, ხან ნიავი მოუქროლებს ჭრელი ფოთლის ბარათს, ელის... ელის თავის მიჯნურს – საოცნებო ზამთარს!.. როცა გრძნობა დაღვინდება, გულს მოსწყდება ცრემლი, როცა ქარში გაფრინდება პაემნების ფერი – ისიც უმალ გამოჩნდება, თეთრი რაშით მოჰქრის, და სასიძო თეთრ კაბაში გამოაწყობს კოცნით! 16 ოქტომბერი 2013
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი