მადლობელი ვარ! (ამერიკაში ყოფნის მე – 14 წელს:)


წლებს კისრის ტეხვით ჩაურბენიათ,
რიცხვი 14 ადვილად ითქმის,
და ეს ქვეყანა ემიგრანტ დედის 
დამალულ ცრემლებს უსიტყვოდ ითვლის...

შორით ჭიხვინებს ოცნების რაში,
მშობლიურ მიწას რძის სუნი უდის,
დედას ეძახის იქ, სადღაც ბავშვი,
დედა ღიმილში ინახავს წუხილს.

ბევრჯერ უძილოდ გამთენებია,
გულს უტირია ხშირად უცრემლოდ,
ქვეყნად რამდენი ყვავილებია,
დაუკრეფიათ თურმე უჩემოდ...

მადლობელი ვარ, კარგო ქვეყანავ,
უცხო აღარ ხარ, ჩემი ხარ თითქმის,
წლებს კისრის ტეხვით ჩაურბენიათ,
რიცხვი 14 ადვილად ითქმის!

23 იანვარი 2017

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი