*** (სად დაიკარგე, სად წახველ)


სად დაიკარგე, სად წახველ
ირემო, მთასა მყვირალო,
ველად გაჭრილო მიჯნურო,
ცრემლო, გულიდან მდინარო.

ქუჩო, მტირალო კლდის წვერზე,
ტაშდაუკრავო კალამო,
მთაწმინდის მთვარევ, ნათელო,
მერანო, სევდის მფარავო.

ყაყაჩოების ჭაბუკო,
ქალწულო, დალალ დაწნულო,
სიტყვავ ხმალივით მჭრელო და
სიმღერავ, ცაში ასულო.

ჩემო ლამაზო ქვეყანავ,
ლეკვნო, დაზრდილნო მგლისანო,
გადარწეულო აკვანო,
ხარო, ერთგულო, მისანო!

ზურმუხტისფერო სამშობლოვ,
გადახვეწილო დედებო,
გაზაფხულია, გილოცავ
ზღაპრულო მხარევ, ედემო!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი