გენაცვალე


მარცვლის საძებნელად წასულს,
სიტყვა დამეკარგა გზაში,
ფრთხილად გადავხედე წარსულს,
უხმოდ გადავჩხრიკე ხალხში.

მზის სხივს ჩავეკარი გულში
ველად გავეკიდე ნიავს,
სითბოდ ჩამოღვრილი სულში,
სიტყვა ხომ არავის მიაქვს.

მინდვრის ყვავილებში ვძებნე, 
ჩიტებს დავეკითხე ცაში,
მუშის შრომით დაღლილ ხელებს,
ფოთოლს, – მოფრიალეს ქარში.

დედა! – მიკარნახა წყალმა,
შვილი! – ჩამჩურჩულეს ყურში,
მიყვარს! – მითხრა კოხტა ქალმა,
მე მას რახანია ვუცდი!..

ქართველს გაუბრწყინდა თვალი:
"ვიცი, შენი ლოცვის ძალა,
სიტყვა "გენაცვალეს" ჩვენში
ყველა თავის გულში მალავს".

ესეც დამალული განძი,
ფრთხილად შენახული ერში,
მე თქვენ გენაცვალეთ, ვისაც
გული სამშობლოსთვის გერჩით!

27 მარტი 2014

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი