ბედნიერებავ!


ბედნიერებავ, გთხოვ, ესტუმრე სულ ყველა სულდგმულს,
რომ კაცთა მოდგმას უბრწყინავდეს ღიმილით სახე,
შენი სიკეთე ასხივებდეს და სულს სწვდებოდეს,
ბედნიერებავ, შენი დიდი მზე დამანახე!...

რომ იზეიმოს, სიყვარულმა იმეფოს ქვეყნად,
რომ ერთგულება თეთრი ცხენით ყველგან დაჰქროდეს,
რომ გულიანად იცინოდეს ყოველი კაცი
და სადარდელი ქვეყნად არვის არა, არ ჰქონდეს!

ბედნიერებავ, შავი ღვინის შესვი ფიალა,
შენ დამილოცე ყველა კაცის წმინდა ოცნება,
დაე, სიკეთემ ინავარდოს დედამიწაზე,
გთხოვ, ერთხელ მაინც დამანახე ეს საოცრება!

მინდა, ყოველი კაცის გულში მზე იცინოდეს,
შენი სხივები იფრქვეოდეს ირგვლივ ფერებად,
რომ სიკვდილს ქვეყნად არ ნატრობდეს არც ერთი კაცი,
ვიცი, თუ მოხვალ, განშორება გაგიჭირდება.

ბედნიერებავ, გთხოვ, ესტუმრე ყველა სულდგმულს და
დედამიწაზე დაგვანახე სულ სხვაგვარი მზე,
დაე, ღიმილი გვინათებდეს სავალ ბილიკებს,
ბედნიერებავ, მეც მესტუმრე, არ დაგავიწყდე!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი