*** (თუ შენს გულში სიყვარული)


თუ შენს გულში სიყვარული
ისევ ისე ხარობს,
და უშიშრად უმკლავდები
ამ ცხოვრების კალოს.

თუ მათხოვარს სხვის უჩუმრად
შეაგებებ ხურდას,
მოყვასისთვის მწარე სიტყვა
თუ არასდროს გითქვამს.

თუ სიავეს ცხოვრებისას
უდრტვინველად იტან,
და სიკეთეს კაბასავით
ყოველ დილა იცვამ.

თუ შვილისთვის გადანახულ
სითბოს მოხუცს უყოფ,
ავტობუსში გადაღლილ ქალს
ადგილს უხმოდ უთმობ.

ვიღაც მიდის იმ ქვეყანას,
ვიღაც კვდება როცა,
შენ კი მისთვის გულმხურვალეს
არ იშურებ ლოცვას.

თუ პატარა სითბოც გყოფნის,
ხელებს ალზეც ითბობ,
და სიკეთის სანაცვალოდ
თუ არაფერს ითხოვ.

თუ ტაძრების მშენებლობას
შეაშველე ხელი,
და მწვერვალზე შრომით ასულს
არ გიცვლია ფერი...

თუ შენს გულში ისევ ცოცხლობს,
პაწაწინა ბავშვი,
რატომ დარდობ, შენს ზურგს უკან
რას იტყვიან მაშინ!

29 სექტემბერი 2017

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი