*** 2015წლის 13 ივნისს, წყალდიდობამ დაანგრია საცხოვრებელი სახლები და თბილისის ზოოპარკი...
იქნებ ვიღაცას ძლიერ, ძლიერ სწყუროდა წყალი, ან ცხოველები დაიღალნენ მუდამ ტყვეობით, რად დაულეწა დღეს განგებამ სუყველა კარი გმირთა მოედანს, სად ბეჰემოტი სეირნობდა განმარტოვებით. იქნებ გმირებო, გეცოტავათ დაღვრილი ცრემლი, სტიროდა ზეცა, თბილისს ეცვა შავი ღრუბელი, დღეს მზიურის მზე აღარ იყო ისეთი მწველი, შველას ითხოვდა ფანჯარასთან პატარა ბელი. როს წყალს მიჰქონდა სახლები და ისმოდა კვნესა, მილიციელის სამოსის ქვეშ თბებოდა ბავშვი, ერი და ბერი დამდგარიყო სუყველა ერთად, და სათამაშო დათუნია ეგდო ტალახში. ძვირფას ნახევარს ხელს არ უშვებს ძლიერი გრძნობა, განგების ნებით მათ სიყვარულს სტიქია სჯობნის, და ერთი, ძალით დანგრეული ოჯახის ნაცვლად, ხელჩაკიდული ათასი წყვილი საშველად მოდის... ეძებენ შვილებს, ნათესავებს, ოჯახის წევრებს, თბილისელები დღეს ერთ მუშტად შეკრულა ყველა, კეთილმა ძიამ დღეს მამიკო მიჰგვარა ბავშვებს, და პატიმარი კვლავ დაბრუნდა ოჯახში რწმენად! ქართული გენი ისევ უდგას დარაჯად თბილისს, საყვარელ ქალაქს ქუდზე კაცი ესათუთება, მთელი მსოფლიო ეხმარება თბილისურ ღიმილს, ივნისის სიო ისევ დაჰქრის განცდილ წუთებად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი