ნანიკოს!
წამოდი, ასკინკილა ვითამაშოთ, ტალახით გავიყვანოთ ქუჩები, წამოდი, დედიკოს ტუჩსაცხით ჩუმად მოვითხუპნოთ ტუჩები. მოდი, დაგაბრძანო ტახტრევანზე, ისევე გაქციო დედოფლად, აბა, გაიღიმე, გამომყევი, წამოდი, გაბუტვა გეყოფა. წამოდი, ჩვენი დედა – საყვარელი, ისევ გადაღლილა ლოდინით, მოდი, ძველებურად იცელქე და ისევ ამიწეწე ლოგინი. მინდა, რომ გიამბო ხათუნაზეც, სულ წამით შევჩერდეთ სურათთან, ჩვენი მხიარული დაიკო, მაღლაა, ცაშია, უფალთან... წამოდი, ბავშვობაში გავიპაროთ, გავძახოთ ნონას და მაიას, შენზე უფროსები ვიზრუნებთ, იყავი პატარა ბაია... მოდი, შევყაროთ მეგობრები, თია, ნატო და რომანი, წამოდი, გავიქცეთ, მარი უკრავს, წამოდი, გეყოფა ყოყმანი. უბნის კარნავალი ჩავატაროთ, ბებიებს ვუკითხოთ ლექსები, ინგას, დათოს და მარიკოს, ცეკვისას ჩავკიდოთ ხელები. მოდი, ვითამაშოთ ბავშვობასთან, მოვუყვეთ ერთმანეთს ზღაპრები, გულში უდარდელად ციმციმებენ, ბავშვობის საოცნებო ლამპრები. წამოდი, გეძახი დედმამიშვილს, ბავშვობა გველოდება წყაროსთან, ვიცი, მოგენატრა კომბლე პაპა, ვიცი, რომ, შენც გინდა წამოსვლა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი