დედა კვდებოდა...
დედა კვდებოდა... ხედავდა გვერდით ატუზულ, გაქვავებულ, თვალზე ცრემლმოდგარ შვილებს და იღიმებოდა, უნდოდა უკანასკნელად ეთქვა: "დედა გენაცვალოთო", მაგრამ ვერ შესძლო... სამაგიეროდ შესძლო და კარგი შვილები დატოვა... დედა კვდებოდა... მზე ჩადიოდა, მაგრამ იქ, სადაც მისი წლების უნახავი შვილი ცხოვრობდა, მზე ეხლა ამოდიოდა... თვალი და გული ლოდინით გასწყალებოდა, მიდიოდა სულეთის ქვეყანაში და უხაროდა, რომ შვილის ცრემლებს ვერ დაინახავდა... მერე რაა, თუ ძვირფასი მარგალიტივით თან ვერ წაიღებდა გულზე დაყრილს... დედა კვდებოდა... უნდოდა, მაგრამ ვერ დაელოდა... უკანასკნელად ვერ დაუკოცნა ხელები, რომლებზეც შვილმა "ერბოკვერცხი" შეუწვა... დედა კვდებოდა... შორს, სადღაც, უცხოეთში და თან ერთადერთი შვილის დარდი მიჰყვებოდა, შვილისა, რომლის გულისთვისაც თავი გასწირა... რომელიც უკანასკნელად ვერ დაინახა... "დედა მოგიკვდეს შვილო" – ფიქრობდა და ვერ ხვდებოდა, რომ ახლა სწორედ ამას აკეთებდა. დედა კვდებოდა... თვალები კარისკენ გაურბოდა და ასეც დარჩა... შვილმა ვერ მოუსწრო. დედის ოთახში ფერდაკარგულ შევარდნილს, ბალიშზე დამკრძალავი ბიუროს მიერ დატოვებული ერთადერთი წითელი ვარდი დახვდა... კართან შეჩერდა... – დედა! დაუძახა, მეტი არაფერი, არც ცრემლები, არც წივილ – კივილი, მხოლოდ უკანასკნელად დაძახილი "დედა!" დედა კვდებოდა... მისი ხუთი შვილი კი რიგში იდგა... ემშვიდობებოდნენ. საგზლად საკუთარ ხმას და ცრემლებს ატანდნენ. მე მეექვსე ვიყავი... "რატომ ტირი?" – გამიბრაზდა მზე და თვალები შემიმშრალა, –"ის სხვისი დედა იყო!" "ის დედა იყო!" – ვუპასუხე მე. დედა კვდებოდა... ნინო მღებრიშვილი 3 სექტემბერი 2021
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი