უთხრეს...
დედა, ფული გაქვს? – ნაყინია! – მოირბინეს შვილებმა... ნათლულის მოწმობაში ნათლიად ვერ ჩაგწერთ, – უთხრეს ეკლესიაში, რადგან ნათლობის ძვირიანი სანთლის საყიდლად ფული არ ეყო... მერე... პირველკლასელი შვილის წიგნების საყიდლად ისესხა ფული, "როგორ უნდა ჩაგასესხოს?" – ჰკითხეს მსესხებელს მისივე ოჯახის წევრებმა და გადაწყვიტა... ერთი ჩანთით, ცრემლიანი გულით და ღიმილიანი სახით დატოვა ოჯახი, შვილები, ახლობლები, სამშობლო... "თქვენი ბილეთი?" – ჰკითხეს აეროპორტში, თითქოს მხოლოდ "ბილეთი" კმაროდა წასასვლელად. ენა თუ იცი? – ჰკითხეს უკვე უცხო ქვეყანაში, ოჯახში გასაუბრებაზე მისულს და გაიღიმა... მისმა ცრემლიანმა ღიმილმა ყველაფერი სთქვა და აიყვანეს... მიიღეს! მიიღეს და მისი გული ალაპარაკდა, გულის ენა გაიგეს... შეიყვარეს... დაიწყო ემიგრანტული ცხოვრება. დადიოდა პატარა დაბის ქუჩებში, სადაც წყალიც კი რაღაცნაირი, თითქოს მოხუცი იყო და ახსენდებოდა საყვარელი პოეტის სტრიქონები: "პირმოღუშული სახითა, აქ მრავალს ჩაუვლია, შენ ამ ქალაქში რა გინდა, პატარა თამუნია!" "შენ საჯდომის მწმენდავი დედაკაცი ხარ!" – არაერთხელ უთხრეს ვითომ ხუმრობით, სიმწარენარევი სიმართლე, მასავით მომუშავეებმა. "ჩვენ დაბრუნებით ტკივილებს წავშლით!" – არაერთხელ ანუგეშა მეგობრები. "შვილებს ფული სჯობია?" – უთხრეს! "ორ დოლარზე გაყიდეთ სამშობლო ემიგრანტებმა", – უთხრეს! მონატრებაზე, საყვარელ წითელ ღვინოზე და გოგრა ბალზე არაფერს ვამბობ, აღარც ტელეფონით ნამღერ იავნანაზე... "დედა, ოღონდ შენ ჩემთან იყავი და თუ გინდა სულ ტიტველი ვივლი" "დედა, გინდა, შენთან წამოვიდე?, იცი, რა ადვილია, ტაქსს გავაჩერებ და ვეტყვი, დედასთან წამიყვანე და ფულს ის გადაგიხდისო, გინდა?" "დედა, გახსოვს, არა? საახალწლოდ შოკმანჟეს რომ გვიკეთებდი და ჩვენ ჩუმად გიჭამდით? გახსოვს ხო?" "დედი, წუხელ სიზმარში სახლში ჩამოხვედი, იცი?" დადის და გულით დააქვს შვილების მოწერილი წერილები, როგორც თილისმა... და ფიქრობს, ფიქრობს, რომ შეიძლება დადგეს დღე და უთხრან: "შენ რა დედა ხარ!" ნინო მღებრიშვილი 29 ივლისი 2021
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი