ის გიჟი იყო...
ის გიჟი იყო (ნოველა) ჩქარი ნაბიჯით მიდიოდა, თითქმის მირბოდა. ნიავი ლამაზ თმას და კაბის კალთას უფრიალებდა. ვერაფერს ხედავდა და ვერაფერს ვერ ამჩნევდა. გონებას მხოლოდ ერთი აზრი დაჰპატრონებოდა, რაც შეიძლება ჩქარა გასცლოდა აქაურობას, თითქოს ვიღაც ეძახდა. თითქოს ვიღაც ელოდა... ეჩქარებოდა გასცლოდა ტალახს, ჭაობს, შურს, სიტყვას – გესლში ამოვლებულს, ორგულობას, ღალატს, ტკივილს... უფსკრულთან შედგა. სულ ერთი წუთიც და... – გარბიხარ? – მოესმა. არა, არ მოესმა, მის გვერდით ნამდვილად იდგა ვიღაც. გაუკვირდა, არ ეგონა, რომ ვინმე მოჰყვებოდა, რომ ვინმე ამჩნევდა ამქვეყნად, რომ ვინმესთვის რამეს წარმოადგენდა. – გგონია გარბიხარ? – განაგრძობდა ხავერდოვანი და ძალიან მამაკაცური ხმით ვიღაც მის გვერდით. – უბრალო მოკვდავივით იქცევი. – მე მოკვდავი ვარ, – ისე უპასუხა, არც შეუხედავს. –არა, შენ ახალგაზრდა ხარ და ლამაზი, გამრავლება შეგიძლია, ამიტომ მოკვდავი ვერ იქნები. –ეს როგორ? – ჰკითხა ქალმა ისე, რომ, უფსკრულისთვის თვალი არც მოუშორებია. – უკვდავების წყარო მხოლოდ ზღაპრებში კი არა, ცხოვრებაშიც არსებობს და მას ადამიანები დაატარებენ. არსებობს ლამაზი გრძნობა, – სიყვარული! შეყვარებული ქალ – ვაჟი ერთმანეთს უკვდავების წყალს ასმევს და მრავლდებიან... და თუ მრავლდები, მოკვდავი როგორ იქნები?... ქალს გაუკვირდა და მხოლოდ ახლა შეხედა მის გვერდით მდგარ მამაკაცს, შეხედა და იცნო. ის გიჟი იყო... ხშირად დაუნახავს ქუჩაში მიმავალს უსაქმური ბიჭების ბრბო როგორ მისდევდა უკან სიცილ – ხარხარით. ის კი პასუხს არავის სცემდა, არც არასოდეს არავის არ ელაპარაკებოდა. – რეალურად ადამიანები შენთვის მხოლოდ სამჯერ იკრიბებიან, – გააგრძელა მამაკაცმა, – და ღმერთიც სამჯერ მოდის შენთან: დაბადებისას... შენი ახლობლები შენს დაბადებას ზარ – ზეიმით აღნიშნავენ, იცინიან, მხიარულობენ, ამ დროს მამა – ღმერთი გსტუმრობს. შენ კი სტირი, რადგან გაშინებს უფლის ასე ახლოს ყოფნა. ქორწინებისას მეორედ ადამიანები შენთვის ქორწინებისას იკრიბებიან და ყველა ბედნიერია, რადგან ეს საწყისია შენი უკვდავებისა. ამ დროს ძე ღმერთია შენი სტუმარი! მესამედ, შენი გარდაცვალებისას... –ჩემს დაკრძალვაზე მაინც მოვლენ ადამიანები, –შეაწყვეტინა ქალმა გიჟს, – რა მნიშვნელობა აქვს, როდის და როგორ მოვკვდები. თუ მაინც უნდა წავიდე იმქვეყნად? – შენი ახლობლები მაინც გიგლოვებენ, შეიკრიბებიან შენთვის, მათ შორის ისინიც, ვისი დასჯაც გინდა ახლა შენი სიკვდილით. მაგრამ სულიწმინდა ვერ მოვა შენთან, რადგან შენი სული – უკვე ნახევრად განწმენდილი ისევ დამძიმდება უდიდესი ცოდვით. – თვითმკვლელობით და იქ, უფსკრულში შენთან ერთად ჩავარდება. ჩავარდება და ვერასოდეს იხილავს ნათელს... უღმერთოდ სიკვდილიც არ ვარგა... საღამოვდებოდა ქალი ისევ უფსკრულთან იდგა და სადღაც შორს, ქვევით იყურებოდა. უცებ გამოერკვა, თითქოს ახლა გამოეღვიძაო, მიიხედ – მოიხედა, კაცი წასულიყო, "იქნებ არც ყოფილა?" – დაეჭვდა. ის ხომ გიჟია... მაშ ისევ რატომ გრძნობდა მის სიახლოვეს? საღამოვდებოდა... მზე – ზეცის ულამაზესი ყელსაბამი ალმასივით ბრწყინავდა. მთები ხასხასა მწვანით შემოსილიყვნენ და ყურადღებით აკვირდებოდნენ მწვერვალზე მდგომ ბუნების ულამაზეს ქმნილებას, – ქალს! ნიავს ველური ყვავილების სურნელი მოჰქონდა საიდანღაც. ჩიტები სიცოცხლის საგალობელს მღეროდნენ. მხოლოდ ახლა ჩასწვდა სიცოცხლის სიდიადეს, ვერ გაიმეტა, დაენანა უფლის უძვირფასესი საჩუქარი სადღაც ჯურღმულში გადასაგდებად, რომელიც იქ ისევე დაიმსხვრეოდა, როგორც მისი მშვენიერი სხეული. ნელი ნაბიჯით გაუყვა გზას სახლისაკენ. ხმაურმა გამოაფხიზლა, უსაქმური ბიჭები სიცილ – ხარხარით და შეურაცხმყოფელი შეძახილებით მისდევდნენ ვიღაცას. ის გიჟი იყო. ქალის თვალებში ცრემლი ბრწყინავდა. ნინო მღებრიშვილი 20 ოქტომბერი 2022
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი