აბარგება


მოვა დრო,მოვა ქარიშხალი გადაუღები და უსასრულო..
ხმა დაბრუნდება მძინარე გლეხის და უსაბამო სურათებს დაკიდებენ ახალ კედელზე..
ყვითელ ფარდებს დაკიდებენ ფანჯრის წინ
და სახლის კარებსაც შეაღებენ,
იმის სათქმელად დაბრუნდაო პატრონი ბინის.
საუკუნის შემდეგ აქლემები ტვირთს მიზიდავენ,
იმ ადგილებში სადაც ლომებიც ვერ ადგამენ ბასრ ბრჭყალებს 
და 
ჩამოკიდებენ აქლემები ბავშვებისთვის საქანელებს სიკვდილის ხეებზე..
მე დავუწყებ ყურებას მეზობლების გამუდმებულ ჩხუბს,
ნაცვლად სმენის ვივალდის სონეტისა და მაიაკოვსკის რითმების..
სად არის რითმები?
წაუღია ქარს და სოფელში სათიბის პირებს მოუჭრიათ ყველა მსგავსება..
შენ ისევ გამოჩნდები და მთელ დიდებას მხრებით მოზიდავ,
მხრები შენი დაიტევს განძს მთელი დედამიწის
განა ეს ლექსია?
ცდები ბატონო
განა ეს ლექსია?
ნუ გეცინება თუ ვერაფერს იგებ, სხვებს კარგად ესმით..
მაგალითად მეტროს დღე-ღამე მომუშავე გამოუძინებელ დარაჯს..
შენ ახლა იტყვი,რომ დარაჯები ცვლებით მუშაობენ და კარგად სძინავთ,
მე კიდევ გეტყვი ეს ლექსი არ არის!..
შენი არ არის და არ გაქვს უფლება დარაჯზე თქვა თუნდაც ერთი სიტყვა!
დაორთქლილი ფანჯრები დაიკაწრება,
თვალების წვა დამეწყება როცა დაგინახავ
და გონებაში დაწყობილი განვლილი დროები
ცრემლად იქცევა..
მე მაქვს მანერა,როგორც ხეებს შრიალი ესმით
რაღაც დამჩება აუცილებლად კიდევ რომ გნახავ
და შენ მეტყვი რომ ნივთებს უნდა ვუფრთხილდებოდე..
დაღამებისას ცაში კვამლი გამახალისებს
გამახალისებს სარეცხი, გაფენილი,რომელიც ქარს ეთამაშება..
და მე გეტყვი,რომ ნივთები კიარა გული დამჩა შენს ახლოს სადღაც..
და თუ წააწყდი ნუ დამიბრუნებ..
მოვა დრო,მოვა ქარიშხალი გადაუღები და უსასრულო,
ხმა დაბრუნდება მძინარე გლეხის და უსაბამო სურათებს დაკიდებენ ახალ კედელზე..
ყვითელ ფარდებს დაკიდებენ ფანჯრის წინ..
და მოუსმენენ მეზობლების ჩვეულ სონეტებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი