მარტი


კვლავ მივუყვები ფიქრიანი ალეწილ ქუჩას,
ტანშიშველ ხეებს სირცხვილიც კი დავიწყებიათ,
უცრემლოდ დგანან და კვირტების სკდომას ელიან...
____________________________________________
ფიქრად დაღვრილი გაზაფხული იებს მოგვიძღვნის,
გაყინულ ხელში თაიგულებს მოგვართმევს მარტი,
ტყეში თოვლის ქვეშ ენძელა რომ გამოიღვიძებს,
ისიც იმედის ნაპერწკლებად იფეთქებს ქალში.
გარეთ ისევ ცრის, მივუყვები ალეწილ ქუჩას,
წვიმის ცელქობით გალუმპული მთვარეც დამთვრალა,
დედამიწას კი გაუხდია თოვლის მანტია,
გულმავიწყია თებერვალი:- ნუთუ მარტია?!
_____________________________________________
და მივუყვები ფიქრიანი ალეწილ ქუჩას...
მიწის სურნელი ქალაქშიც კი პეისაჟს ხატავს.

ნინო ნაჭყებია
8.03.2017

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი