აპრილში ხომ ბევრია სევდა


ისევ აპრილობს... აპრილში ხომ ბევრია სევდა,
თვალწარმტაც ტიტებს მოგონებად ტკივილი დარჩათ,
თბილისი ისევ გადაიცვამს მეწამურ კაბას
და ქაშუეთთან დაიგმინებს სიმწრისგან ახლაც.
ისევ ყვავილობს ...მოქარგულა ფერადი ფარჩა,
და გაზაფხულიც იმედებით სიხარულს სახავს,
ტიტებს კი მდუმრად გულში იკრავს როგორც საუნჯეს,
და ქაშუეთის ზარის რეკავას ყურს უგდებს კვლავაც...
ატმის ყვავილში ამომჯდარი ნაზი აპრილი, 
მზის მოციქულად გვეწვია და სული დაღარა,
სუნთქვა შეკრული ჩაეკონა თბილისის ჭადრებს, 
ტიტებს ემთხვია... მალულად ... და ... ცრემლიც დაღვარა.

5.04.2016
ნინო ნაჭყებია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი