გარდასახვა


ნაჩვევი ფიქრი უხვევს რელსიდან
და წამი იწყებს სიცოცხლეს, ახალს,
ვინ იფიქრებდა, ასე შემცვლიდა
ძეხორციელი ოცნების ნახვა.

ჩვენ არ გვსურს რამე უფრო დიადი,
ვიდრე წამების მითებად ქცევა
და თუმცა ვგავარ სულელ მიამიტს,
მე შემიძლია ამ ჯვარის წევა -

რომ გამხმარ ყვავილს ვაბრალებ გვალვას
და ქრისტეს გვერდით დამსხვრეულ წვივებს
დღეს ისე ძლიერ ჩვენ ორნი ვგავართ,
ყვავილს კი ვუსხამ ჩემებურ წვიმებს.

ეს მიწა, ჩემი გულის კვარცხლბეკი
თითქოს დღეს იწყებს თავიდან ფეთქვას,
შენ ნაზამთრალი მზერით რომ მეტრფი,
ამას პირველი ჩასუნთქვა ერქვას.

ცად აზიდული კერპი იმსხვრევა,
რაც კი შეეძლო, უკვე მიამბო.
მან რაც მიწაზე ჩემში იმსხვერპლა,
ახლა ტალღებად ღრუბლებს მიაპობს,

რომ ნაჩვევ ფიქრებს უცვალოს ფორმა, 
მთლად გადაევლოს სივრეს ირაოდ,
რომ უსასრულო მანძილის ტოლმა
ჩემი ოცნება მივაქირაო

შენი თვალების უცნაურ ლტოლვას
და მათ სიღრმეში დამალულ ნისლებს.
მე ახლა ღმერთებს მივიჩნევ ტოლად,
ჩემს გულის ფეთქვას როდესაც ვისმენ.

(ნინო პაპინაშვილი)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი