* * *


სანამ ჩემს ლექსს განიკითხავ, სიყვარულზე ნაწერს,
ვადაგასულ გრძნობას ფიცავს პოეზიის ნავსი;
ჩუმ მუსიკას მივამსგავსებ ჩემი სიტყვის საცერს -
გულს მოეცხოს თუნდაც ერთის, ვერონელთა მსგავსის.

გავა დრო და ამ ლექსებსაც მოედება შმორი,
გიყურებ და ვეღარ ვრჩები ძველებურად ჩუმი…
“შორით ბნედა, კვდომა, დაგვა”, ყველაფერი შორით,
თვით რითმებსაც ასდენია ძველებური სუნი.

აღარ მერჩის სასწაული, რომ გადავდგა მთები,
აღარც აქ მწამს აღარაფრის, უკვდავება - ცაში.
არ მინდიხარ, სიზმრად დარჩეს ეგ მზისფერი თმები,
და თუ ამ ლექსს შევაკვდები, არ ამცდება ტაში.

შთაგონება განძარცვია ჩემი სულის კარედს,
“გაგიჟება, თვალთა დათხრა სჯობს” ულექსოდ მწყრალის,
სულის ოზონს გასცდენიხარ, ხარ სრულიად გარეთ,
გიყურებ და ვეღარ ვრჩები ძველებურად წყნარი…

მორჩა! უკვე გაითვალეს, განაწილდა ბედი…
მე თავს ვიდებ, თავად ავყრი მიწას ყველა ბორკილს.
მივდივარ და თან მიმყვება სანუგეშოდ ერთი:
ზამთრის შემდეგ რომ ყოველთვის გაზაფხული მოდის.

(ნინო პაპინაშვილი)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი