ვია დოლო როსა


მწუხარების გზებით აგეკიდა ქარი,
ფრთაშესხმული ჰანგი სიმებს წუთით მოწყდა.
წამოგიღოს ვინმემ სამსჭვალი და ჯვარი,
განეფინა ტერფებს ვია დოლო როსა.

მტვრად ადენილ ტევრში შეეხიზნე ნაძვებს,
წამით მაინც ცისკენ აგახედებს სხივი.
შენ ოდესმე იგრძნობ უსამართლო მანძილს
და ანთებულ სანთელს მოაშორებ ხვიმირს.

მანამდე კი დაღმართს ჩაუყვება სივრცე,
ფეხისწვერით მივალ შენი სულის ზღურბლთან,
ხელს კი მაინც სხვა დროს სხვა სიყვარულს მივცემ,
თავს მოიკლავს ქარი დარდისაგან, თუმცა.

სხვამ გიტაროს, ვინმემ, სამსჭვალი და ჯვარი, 
სიმზე გლოვის ჰანგი მაშინ იშვა, როცა
ვერ ნაკუთვნი ბედის ბოლო ეხშო კარი,
აიტანოს მწუხრმა ვია დოლო როსა.

(ნინო პაპინაშვილი)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
Lilith 3 თვის წინ

💫

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი