ჩემს ტოლებს


ვიცი, რომ მზითვად
არ მომცემენ "ვეფხისტყაოსანს",
არც წასაღებად
დაჰკეცავენ ქირმანის შალებს,
არც ქართულ კაბას
ჩამაცმევენ ჯვარის საწერად,
არც ვერცხლის ქამარს
მომავლებენ დარდიან წელზე.
ცაში ოთახი განათდება იაპონურად,
ბედნიერებას მომილოცავთ უცხო კილოზე,
მრავალ წერილებს გამაყოლებთ გზის საპოვნელად,
მრავალ მოკითხვას დავუხვდები, ვით მკვდარ მიმოზებს.
დავიმალები
სიყვარულის ცისფერ სუნთქვაში,
დიდი იქნება აღტაცება მზეგამართული,
უხვი კოცნები, ვით კახეთში ღვინის მარნები,
და სადღეგრძელოს მოიტაცებს
სიტყვა ქართული.
ნამჯისფერ ფრჩხილებს დაამძიმებს მთვრალი ჰაერი,
გულის პასუხი ყარამფილებს ვეღარ დაყნოსავს
და მე ვიქნები სიკვდილივით გაუხარელი,
რადგან მზითევში არ მომცემენ "ვეფხისტყაოსანს".

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი