მიწაზე ფოთლების სრული ანშლაგი
უძილო ღამეა, მიწაზე ფოთლების სრული ანშლაგი, დიდი თეატრის მცირე დანართით... ეს სკამი ბნელში როიალს მოჰგავს, ის ყოველ ღამით მოდის და ფრთხილად დააწყობს თითებს, ტერენტი გრანელს სევდად შეურევს სონატას მცირეს, მეოცნებეა... ფრთები, რომ შეჭრა ვერ გადაიტანს, წავა და მტკვარში თავს დაიხრჩობს "გიჟის" მორალით, და მერე ამას ვერ უშველის მღვდლების ოლარი, დედების ლოცვა, დიდია ცოდვა... სახლთან უკრავენ ხეები ტაშებს, თენდება ალბათ, ამას მე ვხვდები ცოცხების ხმაზე უსარგებლოდ, რომ უსვამენ მიწას მეეზოვენი და დილით გხვდება მტვრის ხაზები და ღვინის ლაქად ღამენათევი წვიმის ფართოდ ღია თვალები, მაგრამ მანამდე უძილო ღამე და შენ, დიდი ხნის წასული ჩემგან, ისევ იმ უცხო ქალებს მადარებ.. სისულელეა, ზოგჯერ როგორი უსარგებლოა მეხსიერება... უძილო ღამე?! საოცარია, მაშ, რატომ სძინავს ოთახში პაპას ხვრინვამდე მისულს. სასაცილოა... დიდი თეატრის მცირე დანართით მიწაზე ფოთლების სრული ანშლაგი......
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი