ნუ დაბრუნდები....
აქ შენსას ვეღარაფერს ნახავ, ნუ დაბრუნდები!– ჩემში საშენო აღარაფერი დარჩა, თვალები ჩაქრა, მხრები დაეშვა... აღარაფერი მენანება, აღფრთოვანება უცხო გახდა. არა!– ასეთი არ გყვარებივარ და არც ახლა მოგეწონები. საკმარისია,– ჩვენ ვითამაშეთ შეყვარებულები "ტრიუმფალური თაღი"–დან, და ალბათ ახლა შენ გინდა, რომ ვიყოთ გმირები "საბრალონი"–დან, მაგრამ მე არ მინდა, მე საერთოდ არაფერი მინდა სიბრალულის სახელით, მე რომანტიკოსი ვარ, ქალი ცვაიგის ნებისმიერი ნოველიდან, ზოგჯერ დაბნეულიც, იმედგაცრუებულიც, მაგრამ არავითარ შემთხვევაში საბრალო... ახლა აქ იანვარია და მზე ყოველდილას წითლად და ზანტად ამოდის, მე მანამდე ვდგები სანამ ის ამოვა და და უკვე ქუჩაში გამოსული, გაჩერებისკენ მიმავალი ვაკვირდების მის სიწითლეს, თითქოს თავადაც ყინავს ეს ზამთარი და მუქ ფერ ღრუბლებში იფუთნება, ისიც პერსონაჟია, ოღონდ არა რომანიდან, არა!– რომელიღაც ჩემი ბავშვობის დროინდელი ზღაპრიდან მამა, რომ მიყვებოდა ყოველ საღამოს კარგად დიდობამდე... მაშინდელივით აღარაფერი იქნება, ის ბროწეულის ხეც მოჭრეს მე, რომ მიყვარდა, ჭერამი კი თავისით ხმება, დიდია უკვე, ჩვენზე დიდი და იმაზე კიდევ უფრო დიდი, სიტყვებიც დაგვიბერდნენ, ბედნიერებებიც გაცვდნენ... ნუ დაბრუნდები!– შენთვის ჩემში აღარაფერი დამრჩა........ 12/01/16
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი