ჩვენ


ჩვენ ერთმანეთის გარეშე ვერაფერს გავაკეთებთ,
ჩვენ ერთმანეთის გარეშე დაგვავიწყდება, რომ დავიბადეთ და გამუდმებით ვიტირებთ ჩვენი სიკვდილებისთვის...
ერთმანეთის გარეშე ჩვენ ვერ შევძლებთ სხვების სიყვარულს,
მზეც გაითოშება,
მინებიც აღარ დაიორთქლება ჩვენი სახელების დასაწერად,
აღარც წვიმა დატოვებს ფანჯრებზე ნაფიქრალებს,
აღარ გვექნება ოცნებები,
ღრუბლები ფიგურებით აღარ მოხატავენ ცას,
ვეღარც მთვარე შეძლებს ხანდახან მაინც იყოს თბილი,
ერთმანეთის გარეშე ქარი ვეღარ შეძლებს მოფერებას და აღარ გაწვებიან ყვავილები მინდვრებზე ბალახთან შესახვედრად,
ჩიტები უკან აღარასდროს დაბრნდებიან და ვერ გავიგებთ გაზაფხულის მოსვლას,
აღარც ზაფხული იქნება სანატრელი თვასხმა წვიმით,
აღარც ჩვენი ნაკვალევი დაემჩნევა თოვლს სახალისოდ,
აღმოსავლეთისკენ უფრო იშვიათად შევბრუნდებით ამომავალი მზის სანახავად, აღარც ჩამავალს დავაკვირდებით და ვერ შევამჩნევთ, როგორ ჩაიმალა მთელი თავისი დიდებულებით,
და ასე, გაჩვეულებრივდება ყოველი წამი და ცხოვრება აღმოჩნდება საოცრად ხანგრძლივი და მოსაწყენი და არა "ერთი ლამაზი წამი", როგორც ამბობენ ბედნიერები...
ერთმანეთის გარეშე, მე ვერ მოვასწრებ გითხრა დამივიწყემეთქი, რადგან შენ უკვე დავიწყებული გეყოლები
და ასე, ოცნებების გარეშე,
და ასე, დიდი სიხარულების,
დიდი ტკივილების,
და ასე, ყველა დიდი შეგრძნების გარეშე, ჩვენ დაგვავიწყდება, რომ დავიბადეთ და გამუდმებით ვიტირებთ ჩვენი სიკვდილებისთვის....

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი