ჩვენ
ჩვენ ხშირად ერთმანეთის ანგელოზები ვყოფილვართ, ერთმანეთისთვის გადაგვიფარებია ჩვენი სუსტი ფრთები, თავი საფრთხეში ჩაგვიყენებია ერთმანეთის გამო, ხშირად კი პირიქით, საკუთარი თავის გამო მიგვიყენებია ტკივილი ერთმანეთისთვის, უნებურად, ან ნებით, უფრო დიდი გასაჭირისგან დასაფარად... ხან მოგვქონდა ერთმანეთისთვის ბედნიერება, ხან ვერა, ხან არ... ისევ იმიტომ „არ..“, რომ მერე უარესად არ გაგვჭირვებოდა უერთმანეთოდ, ხო, უერთმანეთოდ, ჩვენ არასოდეს გვჯეროდა ერთად ყოფნის, ქვეცნობიერში სულ ვიცოდით, რომ ერთად არ ვიქნებოდით. უცნაურია ვიცი, მაგრამ, როცა ძალიან განსხვავდება თქვენი სამყაროები, ამას პირველ რიგში თავად შენ გრძნობ, მაგრამ იმისი სამყარო კი არ გაწუხებს, არამედ შენი, საკუთარი განსხვავებული აზრები გაღიზიანებს, ყველაფერი ის, რაც მასთან გაშორებს, თუნდაც ეს საკუთარი წარმოდგენები იყოს ცხოვრებაზე... მერე გენატრება... და უფრო მეტად გაწუხებს საკუთარი თავი, შენივე სხეული ისეთი მოურგებელი და არაკომფორტული გეჩვენება, როგორც ნაჩუქარი ფეხსაცმელი, რომლის გარდა სხვა უბრალოდ არ გაქვს და იძულებული ხარ ატარო იმის მიუხედავად, რომ გიჭერს, გტკენს, სხვები ვერ ამჩნევენ, იმიტომ, რომ ძალიან ცდილობ ლამაზად გამოიყურებოდე და ისინიც ფიქრობენ, რომ ძალიანაც გიხდება ეს ნაჩუქარი ფეხსაცმელი, რომლის ჩუქებისას შენთვის არაფერი უკითხავთ, ზოგჯერ ახერხებ ოდნავ მაინც გაითავისუფლო ფეხი, სულ ოდნავ, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ , როცა ზიხარ, არავინ გიყურებს, ან, როცა გძინავს და საწოლთან ტოვებ... მერე გესიზმრება, რომ ფრთები გაქვს, აღარ გჭირდება სხეული და აღარც მასზე მორგებული ფეხსაცმელი, გადაუფრენ ყველაფერს, რაც მასთან გაშორებს, უმტკივნეულოდ, უჩინრად, ხალხისგან შორს, ის არ გელის, წარმოუდგენლად გაოცდება, როცა ამ ფრთებს ზურგიდან შემოახვევ, თავს კისერთან, ძალიან ახლოს, მხარზე ჩამოადებ და შენს სუნთქვას იცნობს... ზუსტად იცი, როგორ გაიღიმებს, ეს შენი სიზმარია თუ წარმოსახვა მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ, რომ ისინი ერთმანეთს ტყუპის ცალივით გავს... გარეთ თოვს, ღამეა, ლამპიონის სინათლეზე, გარკვევით ჩანან მინის იქით მოცეკვავე თეთრი პეპლები... შენსკენ ტრიალდება, რომ მონატრებული სახე დაგითვალიეროს, დიდხანს და დაკვირვებით გიყურებს, ოდნავ შესამჩნევი ღიმილით, აწყლიანებული, სხივჩამდგარი თვალებით, რომლებშიც დიდი ხანია სევდა ცხოვრობს, ეს ის სევდაა, რომელიც ასეთ ბედნიერსაც კი უბინდავს ხედვას... უფრო ახლოს მოაქვს სახე შენს სახესთან, შუბლით შუბლზე გეხება, თვალებს ხუჭავს და ხმით ჩაიცინებს, მერე კი თავისი საყვარელი სიმღერის მღერას იწყებს, შენც გეცინება და გემღერება, გრძნობ ყოველი ამომღერებული სიტყვა, როგორ გათავისუფლებს დაძაბულობისგან ... ძლიერი ქარი ფანჯარას შემოხსნის, ფიფიქები ტრიალით შემოდიან სახლში, რომელიღაც მეჯლისის მსგავსად, არ გცივათ, ეს ხომ სიზმარია, თქვენ ისევ მღერით, არც ისე მელოდიურად, მაგრამ იმისთვის, რომ იცეკვოთ საკმარისია, - და კიდევ დიდხანს იქნებით ასე, რომ არა მზის პირველი, ზამთრის ამინდისთვის დამახასიათებელი სუსტი შუქი, რომელიც შენი ოთახის ფანჯარას აწყდება, ოთახის, სადაც მარტო იღვიძებ, სასიამოვნო განწყობით, გიკვირს, სიზმარი ჯერ არ გახსენდება, უბრალოდ სითბო, რომელიც სიზმარში იგრძენი ჯერ ისევ კანზე გაქვს და ასეთი გაუცნობიერებელი სიხარულით სწრაფად იცვამ წუხელ საწოლთან მიყრილ ფეხსაცმელს, გაუცნობიერებელი სევდით, მაგრამ უმტკივნეულოდ, მერე კი დროის რომელიმე მონაკვეთში მოულოდნელად მეხსიერება გსტუმრობს, სიზმარს გახსენებს, ამოხსნის სიმსუბუქის მიზეზს, რის გამოც დღეს საკუთარი სხეული არც კი გაგხსენებია...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი