შობა


შობას ვიყავი ეკლესიაში, ტრადიციულად ადრე მივედი. მომწონს, როცა მზადების პროცესს ვუყურებ და მშვიდად ვლოცულობ, ან სიტყვებით, ან დუმილით.
აქა-იქ რომ კანტი-კუნტად სხედან ადამიანები. 
წინ მჯდომმა ქალმა მიიქცია ჩემი ყურადღება, არაქართველურად ეცვა (სადად 30-40 წლის ქალისთვის :) ). დაჩოქილი ვლოცულობდი და შიგადაშიგ მისკენ ვაპარებდი თვალს, ღმერთს იქნებაცდა ვევედრებოდი ასეთ სისადავესა და უბრალოებას. მანაც საკმაოდ მალევე შემამჩნია (ალბათ,იმიტომ,რომ სულ სამნი ვიჯექითტაძარში), მომიახლოვდა და საუბარი დამიწყო მესაზე.თავიდან, ცოდვა გამხელილი ჯობიადა, ნერვები მომეშალა, ვერ ხედავს ვლოცულობმეთქი, მერე კი, როცა გავაცნობიერე, რომ წასვლას სულაც არ აპირებდა, ,, სხვა რა გზა მაქვს" სახით მივიპატიჟე ჩემს გვერდით.
პირიდან ალკოჰოლის სუნი ამოსდიოდა და ოდნავადაც უბრწყინავდა ჩაცვენილი თვალები (არამგონია ბედნიერებისგან). სამშობლოში ახალი ჩამოსული, გზადაბნეული ადამიანიიყო. ათეისტი, რომელსაც ძალიან მოსწონდა კათოლიკური მესა. რომელსაც,ალბათ,ჩემზე მეტად სწამდა ღმერთის... ვუსმენდი და თანდათან ვგრძნობდი, ლოცვაზე ძვირფასი ახლა მასთან ლაპარაკი შეიძლებოდა ყოფილიყო. მეგობარი (ან უბრალოდ ვინმე) სჭირდებოდა უბრალოდ გულის დასაცლელად. ვუსმენდი, და ღიმილით თავს ვუქიცინებდი, ალბათ, ასე ვიცით თანაგრძნობა :) , მაგრამ დარწმუნებული ვარ, არც კი შეუნიშნავს ეს ,,დიდებული" ჟესტი.
-არ ვეძებ ადამიანს, ვინც ჩემი მეორე ნახევარი იქნება, - მეუბნება საუბრის მიწურულს,- შემავსებელი არ მინდა, მე მთლიანი ვარ;გაზრდილი;ჩამოყალიბებული და მე მინდა ასეთივე, არა შესავსებლად და ნაკლების დასაფარად, არამედ ურთიერთგაგებისთვის. გესმის?!. - არ ვიცი, იქნებ, მისი ასაკის ქალებს უყალიბდებათ ეს კრიტერიუმი, როცა წლებთან ერთად თამასაც მაღლა ეწევათ, თუმცა, მაინც მგონია, რომ შანსი შემთხვევაში ნახევარს კი არა, მეოთხედს ჩაებღაუჭებოდა :) . შემჩიოდა, ქართველების გაცინიზმებულხასიათსა და მასხრად აგდების ფენომენზე... მე რა ვქენი?! წავიდა თუ არა ქართველობა გამოვავლინე...
მთელი წირვა ვფიქრობდი იმ ქალზე,მისი არც სახელი ვიცოდი, არც არაფერი კონკრეტული საათნახევრიან საუბრიდან, გარდა იმისა, რომ მარტო იყო. ვფიქრობდი, მასზე და მის მიმართ ჩემს ზერელე დამოკიდებულებაზე.
იმ ღამით არ ყოფილა შობა ჩემს გულში... ესეა, ყველაფერი გვიან მტკივდება...

ნიო ტატალაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი