წამო ... ვედი
ავდექი და წამოვედი!.. ან რა დაედგომება ქალს კაცთან, რომელიც იმასაც ვერ ამჩნევდა, რომ მზე, მხოლოდ მაშინ ანათებდა, როცა სახლში მოდიოდა. მივდიოდი და ვფიქრობდი, ათასგზის ფიქრით, რომ ყველაფერი მტკივნეული წინ მელოდა; რომ ამდენი წლის მერე, უნდა დამეძინა მარტოს და წელათრევით გადამეგორებინა ყველა მკვდარი ღამე, სიბრაზე, მონატრებები და ყველა ის გასამართლებელი მიზეზი, რატომ ვერ ხედავდა მზეს ჩემ თვალებში; რომ უთვალავი იქნებოდა თავის შექება, რომ ეს შეძელი და უთვალავზე ორჯერ მეტი უკან დაბრუნების მიზიდულობა; რომ დადგებოდა დღე ან დღეები, თუ კი ამ ყველაფერს დაძლევდი, უნდა გეზრუნა შენ ნახევრად დამპალი სხეულისთვის; რომ დადგებოდა დღე, როცა მისი თბილი სიტყვებით ოდესმე განებივრებული და მეხსიერებაში შენახული ფრაზების იქით, კვლავ გეთქვა გამარჯობა უცხო მამაკაცისთვის კეკლუცურად და გეგრძნო, ქალი ხარ! რომ გეცადა ყველაფერი თავიდან იმ იმედით, რომ ჯერ კიდევ ქალი ხარ... მივდიოდი და ვფიქრობდი, რომ რეალურად, რა მნიშვნელობა აქვს სხვა ყავდა თუ არა, ჩემი ბრალი იყო თუ მისი, ვუყვარდი ჯერ კიდევ თავისებურად თუ შემოდგომის ფოთოლივით გავხუნდი, მე მივდიოდი ყველაზე გაბედული ქალი და ველოდებოდი ხსნას, რომელსაც არავისგან ველოდებოდი. ნიო ტატალაშვილი 24.08.2018
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი