სიჩუმის შემდეგ


დამთხვევების არ მჯეროდა, მაგრამ შენი გაცნობით... 
ბავშვი ვიყავი, დაკარგული, შეშინებული. შენში რაღაც ძალა არსებობდა. აღტაცება, ღვთის საჩუქართან გაიგივება, გადაჭარბებული, არაფრის მომცემი მიჯაჭვულობა მიპყრობდა. ვერ გავექეცი. მე იცი? შენით ვარსებობდი. უშენოდ სუნთქვაც კი მიჭირდა (არც მინდოდა), თითოეული უშენოდ გატარებული წამი მახრჩობდა..მეგონა ვკვდებოდი. შენი მზერა.. თვალები გიბრწყინავდა (თითქოს). ისე მიყურებდი (თითქოს) ჩემს გარდა არც არავინ არსებობდა შენთვის. მეც კი დამაჯერე, რომ იყო ჩემში რაღაც ღირსი სიყვარულისა. 

მცირე ჩაღიმება; ტკბილი, ფაფუკი ღაწვის ორმოების დანახვა და შეუკავებელი სურვილი ბაგეს შეხებისა. ამბორი. სითბოს ვგრძნობდი შენს დანახვაზე და პიროვნულ სიმშვიდეში ვიძირებოდი. 

ჩვენი ყოველი შეხვედრის ჩახუტება მახსოვს, ზამთრის ცივ, სუსხიან საღამოს ფაფუკი ზედსახურივით თბილი. მირქმა და სიახლოვე, შეგრძნება (თითქოს) სადღაც მყუდრო ადგილას, ბნელი ოთახის კუთხეში ვზივარ. კომფორტულ სიბნელეში...არა და სიბნელის სულ მეშინოდა.

დილით გაღვიძება მიყვარდა, ვიცოდი იმ დღეს შენი ყურებით დავტკბებოდი და ჩემი გადახლართული მავთულივით არეული აზრების საშინელი გადმოცემის უნარის მიუხედავად გამიგებდი. უშენოდ სიბნელეში, სიცარიელეში შიშისგან ვცახცახებდი.. მე იცი? შენით ვარსებობდი. მეგონა შენი აზრების წაკითხვა შემეძლო..არა. “ვარდისფერი სათვალით” დანახული მაინც სხვა იყავი. მავსებდი. შენამდე შემეძლო პირველივე თანხვედრაზე ნებისმიერი ადამიანის შინაგანი მელოდიის ჰანგები ამომეცნო. სხვა იყავი-ეს მიზიდავდა. კითხვის ნიშნად აღგიქვამდი, გიყურებდი და აზრებში ვიკარგებოდი: “როგორია ნამდვილი ის?” “რატომ ვერ ვხედავ მის ფიქრებს?”

შენს გვერდით სითბოს ვგრძნობდი. გიყურებდი და იმედს ვხედავდი, იმედს რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა (ცოტახნით მაინც). შენს დანახვაზე (თითქოს) ყველაფერი მავიწყდებოდა;   ჩემი თავიც კი. 

მალევე ბურუსმა მოიცვა სამყარო. იცი..ვერ ვიჯერებდი. თავი რაღაც კოშმარში მეგონა. “მალე დამთავრდება?” სიცარიელეს ვგრძნობდი, რაღაც მაკლდა. (თითქოს) მჭირდებოდი. 

მე იცი? შენით ვარსებობდი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი