ნინეა (მე გტირი)
მე გტირი, ძვირფასო! შენს სამოსს იები აჰკვრია, ნოტიო მიწაზე თითებით გიხატავ ქარტიებს, სევდა ასვენია მზის გულზე, თუმცა კი მარტია, გადამცდი, ნაგროვებ ვნებაში დამტოვე, მატირე... უხმო კადრებივით დადიან ქალაქში... ვაიმე! გაზაფხულს ვეხები სიზმარაყოლილი კერტებით, დასრულდა სიცოცხლე-სიკვდილის თამაში ყაიმით, ძველისძველ აივნებს სიცილით დაუსკდათ მკერდები. ან და თუ...ვიბნევი, რატომღაც, პირველად-ვაი, რომ მე გტირი , ძვირფასო! ტირილი საშინლად მიხდება, ავხორცი სხივებით მზე თავგადაკლული შაირობს, სასწაულს ვეძებ და მივყვები სიშორეს იმდენხანს, რომ გტირი, ძვირფასო! რომ გტირი, რომ გტირი... ალიონს მოვხვიე მზერა და შევბღავლე უშენო ნინეა! ისეთი შენი ვარ, სიკვდილის დავთრები ავრიე, მე გტირი, ძვირფასო! და მიწა ორმაგად მძიმეა... ახლოსაც არ მოვალ, და არც შორიახლოს გავყვები ჯებირებს, მანამდე გადმოხვალ, იქამდე მოგწერ და,ბარათი არ მოვა. სიკვდილს ჩაატარებს ზღვაზე მოლივლივე ცისფერი გემბანი, ჰო, ასეთ სიკვდილში მეტია ხიბლი და მეტია გლამური, ზარბაზნის ხმა ფარავს საუბარს. სალუტი! და მაინც-როგორ ხარ? საგზალი თუ მაინც გეყოფა დამაშვრალს? ღიმილი წვიმიდან, თუ გაცვდა ივნისის წითელი მაუდი, თვალებზე ცრემლები, რუქებზე ზღვები და მდინარე დამაშრა, რადგან დედამიწას ჩვენი პაემანი ჩირადაც არ უღირს. იარე მოსვლამდე... მანამდე-სალუტი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი