ღაწვზე ხალივით


ეს ქვადქცეული მარტოობა როგორ გაზრდილა
ღაწვზე ხალივით-
დამისაკუთრა, როგორც ქალი- შეშლილმა მამრმა,
არ მიშვებს, არა!
კარში ჩადგა-ნაპატივები,
და საჩუქარიც მომაჩეჩა-დეპრესია-
ყვითელი ქარვა...

მან ჩემი თეთრი მონუმენტი უნდა აღმართოს.

კალატოზობა დაიჩემე შენც, ჩემო თერძო,
და საჭრეთელიც მოაყოლე, როგორც როდენმა,
რუხი ჭინჭები შემოაცვი სვეგამწყრალ სეზონს-
მაინც არ ჩანდა მზე, არ იყო-ცერცვისოდენაც...

ღალატებივით დააქვს ზაფხულს ცოდვების სკივრი,
და ქვადქცეული მარტოობა ტანჯავს სიზიფეს,
მწვერვალზე ლოცვებაპყრობილი ირწევა მწირი,
წრეზე სიტყვებით დანთებული ცეცხლი გიზგიზებს,

ვდგავარ სიყვარულაყრილი და, რატომღაც, გტირი...

როგორ გაზრდილა მარტოობა, ფეხქვეშ განრთხმულა
ქვაკუთხედივით,
შევდგე უნდა, უნდა ავფოფხდე,
წახნაგები კი ხელისგულით გავაპრიალო,
ღალატიანო!
მოგწვდე, იქნებ, თავბრუდახვეულს,
და საფეთქელთან გიჩურჩულო:
დააგვიანე...

თავზარდამცემად ყმუის ყურთან შენი სიყალბე...

ეს ქვადქცეული მარტოობა როგორ გაზრდილა,
ღაწვზე ხალივით-
შენ რომ გიყვარდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი