*** (მე თავად ვარ იმ ყველაფრის არქეტიპი...)


მე თავად ვარ იმ ყველაფრის არქეტიპი,
რაც აქამდე მიწერია
და რასაც დავწერ...

გამარჯობა,
მე ვერ გამომსახავ ერთი სიმბოლოთი
გამოქვაბულის კედელზე,
რადგან შენ ვერასდროს გაიმარჯვებ ჩემზე..
და თუკი ოდესმე კიდევ გამოიგონებენ ბორბალს,
მას აღარ ექნება სფეროს ფორმა,
რადგან არ არსებობს სრულყოფილება,
რომელსაც არასდროს მოვუყვანივარ შენამდე...

როცა შენი ცოლი 
მაყვლის საკრეფად გამოდიოდა,
მე ტუჩებზე ვისრესდი
მისი კალთიდან მოპარულ
მაყვლის ნაყოფს...
და მას ვერც კი წარმოედგინა,
როგორ გავიწყებდა ყველაფერს -
იისფერი ტუჩის სურნელი...
შენ იყავი სიყვარულის ერთმნიშვნელიანი გამყოფი
და შენი სიმბოლო იყო - 7.
და იყავი ერთადერთი, რომელიც მიხვდა,
რომ მე ვიყავი - 8,
თუმცა არასდროს დახატავდი შენს სახლში,
ჩემს პორტრეტს , ქვის კედელზე...
განა იმიტომ , რომ საკუთარი თავის სიმცირეს შეგახსენებდა,
ან ცოლი იეჭვიანებდა...
შენ იცოდი რომ ის 1 იყო, და
ვერასდროს მიხვდებოდა რას ნიშნავს - 8...
მაგრამ გავიდოდა წლები 
და მოვიდოდა 
ვიღაც უცხო...
იხილავდა პორტრეტს 
და
სხვა მნიშვნელობით 
უკვდავმყოფდა ისტორიაში...

შენ სულ ამაზე ფიქრობდი ნადირობისას
და 
სახლში დაბრუნებულს
ცოლი ნახშირს გაჩეჩებდა ხელში...
და შენი ცოლი გავდა
დამარცხებული მამონტის ცოლის თვალებს...
და შენ აღარ ბრუნდებოდი ჩემთან...
ტუჩებზე ისრესდი მაყვლის ნაყოფს...
და იყავი სიყვარულის ყველა განაყოფი...
შენ 7 იყავი...
და მოკვდი, სამუდამოდ...
მე კი უსასრულო რვიანი..
ანუ საკუთარი თავის არქეტიპი...

მე უარვყავი სფერო,
რომელმაც ვერასდროს მომიყვანა შენამდე...
მე გამოვიგონებ ბორბალს,
რომელსაც მაყვლის ფორმა ექნება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი