დიდედას


მოგონებები არ არსებობენ...
რაც გახსოვს ის შენი აწმყოა,
რაც დაგავიწყდა - წარსული...

მახსოვს პატარაობაში 
როგორ ვუყრიდით მე და დიდედა
ბეღურებს საკენკს...
მერე სკამზე მუხლებით ასეული
დიდხანს, მასთან ერთად
გატრუნული რომ ვუყურებდი,
როგორ კეკავდნენ
ჩიტები პურის ნამცეცებს...
მე ბედნიერი ვიყავი,
რომ ისინი 
მიხვდნენ
ჩემს ჩანაფიქრს...

ახლა შავ-თეთრ ქუჩებში დავდივარ...
მონოტონური ნაბიჯებით...
ახლა აღარ მჭირდება სკამზე შედგომა,
რომ ფანჯრის მიღმა სამყარო დავინახო...
მე ყოველდღე ვხედავ რუსთაველის გამზირზე
მზესუმზირის მოხრუც გამყიდველს,
რომელსაც ფეხებქვეშ
ცხელი წყლით სავსე ბოთლები უწყვია,
რომ არ გაიყინოს...

მახსოვს, როგორ აამაღლა მამამ მოაჯირები,
როდესაც ერთხელ ფეხისწვერებზე აწეული
შემამჩნია აივანზე...
მერე გამუდმებით ვწუწუნებდი ამ გისოსებზე...
მივადებდი შუბლს ცივ რკინას და 
საათობით ვუყურებდი
ქუჩაში მოსიარულე ადამიანებს-
მსურდა მეც დამოუკიდებლად მევლო,
ასე, დაუსრულებლად...
დიდედა ყოველთვის გვერდით მყავდა..
მან მასწავლა ოცნება...
ის ახვევდა მოაჯირებს ნაჭრებს,
რომ შუბლი არ მტკენოდა,
როცა საათობით ერთ პოზაში ვიდექი 
ჩუმად,
და ვუყურებდი მოძრაობას ქუჩაშო...

მეტრო ჩერდება...
შევდივარ და თავისუფალი ადგილისკენ ვიღებ გეზს...
ახლა თვალების მოძრაობაა მონოტონური...
მე ყოველდღე თავისუფლად დალაგებულ ფეხებს
უკან ვწევ, რომ ვაგონში მოსიარულე
მათხოვარი გავატარო..
და მერე ისევ საწყის პოზიციას ვუბრუნდები...
კვლავ აუჩქარებლად...

მესამე წელია დიდედა აღარ მყავს...
მახსოვს, პატარაობაში როგორ ვუყრიდით 
მე და ის
ბეღურებს საკენკს...

2015წ

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი