*** (...ესაა შვილის ლოცვა.)


ღმერთო,
დაიფარე დედაჩემი...
ალბათ, საერთოდ არაფრის აცილება
არ შეიძლება თავიდან...

მახსოვს, დედა ყვებოდა,
როგორ გაანადგურა
ყველა ლექსი,
ყველა ჩანახატი,
ყველა ფიქრი,
როცა გავჩნდი...
ეგონა ასე გადამარჩენდა..
ეგონა შვილს არ დასტანჯავდა
ამოუთქმელი,
გამოუხატავი,
დაუწერელი სიტყვები...
ეგონა საკუთარ ბედს ამარიდებდა...
ამაოდ...

ღმერთო, 
დაიფარე დედაჩემი...
გზებზე,
ხეებზე, 
ქუჩებში
ყინვა წევს ...
სახლში არ მოვა დღეს დედა..
დაღლილი..
სცივა და ყინვა არ აწუხებს...
სტკივა და ფეხსაცმელი არ უჭერს...
შია და ჭამა არც ახსენდება...
სწყურია და წყლის ყლუპი ყელში ეჩხირება ...
უყვარს და ....

ღმერთო,
დაიფარე დედაჩემი...
ფიქრი აუზვავდება...
ფიქრი აუმღვრევს თვალებს..
ფიქრი გაათენებინებს 
აუცილებლად გამოსაძინებელ ღამეს...
და არავინ იკითხავს 
მიზეზს- ჩაცვენილი თვალების ..
მიზეზს- სიჩუმის..
მიზეზს- დაბნევის..
მიზეზს- მიზეზის..
იმიტომ რომ 
ვერავინ მიხვდება დედაჩემს ..
ვერავინ ამოხსნის...
უნდა გერქვას შვილი..
და კარგად უნდა გახსოვდეს 
ყელზე ამომჯდარი ლავიწის ძვალზე
ნაზად გადაკრული
მისი კანის სურნელი...

ღმერთო, 
დაიფარე დედაჩემი...
ცარიელი სახეებისგან..
ცარიელი სახელებისგან...
ცარიელი ხელებისგან...
დაიფარე ბოროტებისგან...
აღარ ჭირდება დედაჩემს გამოცდილება...
დაიფარე შეცდომებისგან..
აკმარე, რაც დაუშვა..
დაიფარე საკუთარი თავისგან..
ვერ მოერევა , ღმერთო...
არიდე სიბნელე..
მუქი ფერები უფრო უღამებს თვალებს ...
ბნელი თვალები არ უხდება დედას, ღმერთო...
დედაჩემს ღიმილი უხდება....
                                    -სიამაყისგან!
დედაჩემს სიცილი უხდება ...
                                    -ბედნიერებისგან!
ტირილი უხდება დედაჩემს...
                                    - სიცილისგან ტირილი... 

ღმერთო,
ესაა შვილის ლოცვა...
დედაჩემისთვის..
და მიუხედავად იმისა,
რომ არაფრის არიდება არ შეიძლება თავიდან,
მაინც მწამს .
შენი, ჩემი ლოცვის და...
ღმერთო , ამისრულე...
ყინვა სხვის ქუჩაზე გადაწვეს ,
დედა დაბრუნდეს 
სახლში
დაღლილი...
და იცინოს დედამ
ცრემლების ზღვამდე იცინოს ..
დაე, დაუმლაშდეს ლავიწები..
ეს ცრემლები
მონატრებული კანის სურნელს
უფრო გაამძაფრებს,
როგორც ზაფხულში წვიმა -
გავარვარებული მიწის სუნს..

ღმერთო,
დაიფარე დედაჩემი.

ამინ!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი