მამას
და ტიროდნენ შვილები მამებს... როგორ გრძნობთ სიმარტოვეს (?) როგორც ამინდს.. როგორც სიცივეს.. როგორც ჩვეულებას... მე მოგიყვებით ამბავს კაცზე, რომელიც გულთან კი არ მივუშვი, ჩემი დაბადებით ვშვი მამად... ანუ სამუდამოდ გამოვკეტე გულის კარცერში... როცა მამაზე ვფიქრობ აღარ მახსენდება მისი ბავშვობა, იმიტომ რომ ჩვენ ერთად გავიზარდეთ, ის კი უკვე წარბებითაც ჭაღარებს ატარებს... მახსოვს მამა გიტარაზე გვიკრავდა ჩვენ, მისი ცხოვრების ორ ქალბატონს.. მე და დედას.. მამას მაშინ უფრო ადვილად გადაჰქონდა დარდი, ალბათ.. მე მაშინ არ ვაკვირდებოდი თვალებს... იმ დროს მისი ხელები იყო სიყვარულის საზომი.. რამხელა მეჩვენებოდა, როცა ხელში ავყავდი , როცა უხეხული ღიმილით გამოვყავდი ტკბილეულის დახლიდან.. როცა შავ-თეთრ სურათებს გვიღებდა.. როცა უკრავდა.. მამას არასდროს უნდოდა ლაპარაკი .. არასდროს უნდოდა ტორტის ნაჭერი.. არც ახალი ტანსაცმელი.. ასეთი რაღაცები არასდროს აინტერესებდა მამას.. რამდენი ხანი მჯეროდა ამის... მერე გავიზარდე. მერე ვილაპარაკეთ.. მერე ყოველდღიურობის სიმწარე ვიგემე... მერე ერთი და იგივე შარვლით ვიარე ერთი წელი... მერე თვალებშიც კი ჩავხედე მამას... და მაშინ დადგა გაცნობიერებული სიყვარული.. ორი ლურჯი დარდსაცავი .. იქიდან მამა იყურება.. და ისე უხერხულად იღიმის ისევ, როგორც ერთი პურის საყიდლად შესული მაღაზიაში... და როგორ აძალებს თავს , რომ ვერასდროს მივხვდე რას გრძნობს ... თქვენ როგორ გრძნობთ სიმარტოვეს?.. როგორც ამინდს.. როგორც სიცივეს.. როგორც ჩვეულებას? მამა ამით ავადმყოფობდა... მამა სულ მარტო იყო.. ვერავინ გაიგებდა ამიტომ დაგვაჯერა, რომ არ უყვარდა ლაპარაკი... მანქანაში ვისხედით, მაშინ დიდი დრო იყო გასული კარცერში არ მომენახულებინა.. მაშინ გონებით უნდა მელაპარაკა, გონებით მემოქმედა .. მასთან.. ისევე როგორც ყველასთან.. მე დიდი გოგო ვიყავი.. არ იყო ცრემლისღვრის და გულის გადაშლის დრო. მე ძლიერი უნდა ვყოფილიყავი.. ჩემი დისთვის, ჩემი ძმისთვის... და ყველაზე მეტად მამასთვის.. თურმე.. მაშინ ვილაპარაკეთ პირველად ისე, როგორც მეგობრებმა, როგორც დამ და ძმამ, როგორც დიდებმა... არადა მაშინ ყველაზე პატარა იყო მამა.. და მერე დიდხანს მიხდიდა ბოდიშს ამ სიმცირისთვის... ტკივილის გაზიარებისთვის.. თავზე მოხვევისთვის.. მასზე დაფიქრებისთვის... მაშინაც ვერ პატიობდა თავს , რომ საკუთარ სიმარტოვეს ღალატობდა... მე კი სწორედ მასზე უნდა გამემარჯვა.. ჩემი დისთვის, ჩემი ძმისთვის, ჩემთვის.. მამასთვის.. მაშინ ტიროდნენ შვილები მამებს.. ტიროდნენ სულ რაღაც 40 წლის ჭაღარა მამებს.. დარდისგან ჩამომხმარ მამებს.. მე კი სიმარტოვეს დავტიროდი... და თქვენ... თქვენ როგორ გრძნობთ სიმარტოვეს.. როგორც ამინდს.. როგორც სიცივეს.. როგორც ჩვეულებას... როგორც დაავადებას? 29/03/2019
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი