*** (მაპატიე, დედა...)
მაპატიე, დედა.. რომ არ ვამართლებ შენს მოლოდინებს... რომ ისევ ვათენებ თეთრად ღამეებს.. რომ ისევ ვიღვიძებ წითელი თვალებით... და რომ არასდროს ვამბობ სიმართლეს როცა განიცდი... აღარ ვარ ძველი არ ვუსმენ რჩევებს.. და მაპატიე , იისფერ დღეებს შავთეთრად ვღებავ.. და ხშირად გულში შეპარულ ღიმილს უნდობლად გიკლავ სულ ერთი სიტყვით... როგორც გენებოს.. დე, მაპატიე... რომ აღარ ძალგიძს დამსაჯო ისევ... აღარ გამიშვა წვეულებაზე არ მიწილადო ტკბილეული.. ხმა აღარ გამცე... დავაგვიანე ყველა ზეიმზე.. დე, ახლაც როცა თვალებს მისერავს შენი სიწმინდე.. მსურს გაგიტეხო ტკბილი ძილი და როცა მინდა ქურდითივით მოვპარო ღამეს შენი კანის სურნელი... კვლავ ვაგვიანებ.. სიმწრისგან ვჭმუჭნი შენს გაუთავებულ ზეწრებს... სიმწრით ვასველებ გამზეურებულ ბალიშებს... დე, მაპატიე... რომ ნაოჭებმა ისე იბარტყეს შენს სახეზე როგორც წლების წინ ბებიას სახლში კამელიებმა... მე კი დაორთქლილ ფანჯრებს მიღმა შუაღამისას კვლავ არა ვჩანვარ... მიყვარხარ დედა... რა იშვიათად ვამბობ - განვიცდი... და როცა ვფიქრობ შენს არსებაზე სისხლსს მიდედებს საფეთქლებთან შენი არარსებობა... დე, მაპატიე... რომ შენი შვილი კვდება .. ნელი და გარდაუვალი გარდაცვალებით... რადგან ეს სისხლი მიედინება ჩემი ყველა ლექსის ვენაში.. რამდენს ვეყოფი... შენ არ იდარდო დედა.. ჩემი ყველა გზა შენს გულამდეა.. არა აქვს აზრი რომელ საათზე ვბრუნდები სახლში... ან სად ვბრუნდები.. სანამ ვბრუნდები... ბოლო წვეთამდე ხომ შვილი მქვია... დე, მაპატიე... ცრემლები... შენი და ჩემი... და ორივესი ... გთხოვ, მაპატიე რომ სხვის გამოც გატირებ ხოლმე .. ასეა დედა.. ჩემი ხარ მაგრამ.. ასე მგონია მთელ მსოფლიოს დედად ეკუთვნი... უნდა შეიცვალოს რაღაც... უნდა შეიცვალოს ხალხი.. დაე ყველა, ყველა ჩემ გარშემო.. ოღონდ მე არა.. მაპატიე, დედა.. რომ არ ვამართლებ შენს მოლოდინებს... მაგრამ იმედებს.. ღმერთმა ნუ ქნას ზურგი ვაქციო...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი