იას


შენ შუბლზე მაჭერ წინასწარ გამზადებულ სამ თითს..
მაჭერ ძარღვის ტკივილამდე..
იღიმი..
მიღიმი..
შენ ერთადერთი ხარ ვინც ამბობს
რომ
მოგწონს, როცა განვიცდი.
ვიღიმი..
გიღიმი..
ხანდახან ვერც კი ვხვდებით ისე გვჭირდება ვიღაც,
ვინც გულს გვატკენს და
სიმართლეზე დაგვაფიქრებს...
შენ იცი, როგორია
ხელების გათოშვა
გაზაფხულის მიწურულს...
მე ვიცი, რომ იცი..
მე ვხედავ, რომ იცი..
რომ გრძნობ..
რომ ხედავ..
რომ მხედავ ისეთს, როგორიც ვარ..
ჩემი ერთიანად ჩაბნელებული ქალაქის
ერთადერთი განათებული
ლამპიონი ხარ...
მე შემიძლია საათობით ვიდგე შენი შუქის ქვეშ..
მე შემიძლია თვალი გავუსწორო შენს სინათლეს და
გაუთავებლად გელაპარაკო ყველაფერზე ..
დაე, უცხო გამვლელმა იფიქროს, რომ ცას ვუყურებ და ვლოცულობ...
მე და შენ..
მე და შენ არასდროს შეგვაწუხებს ის, რომ
ვინმეს ეუცნაურა ჩვენი საქციელი..
შენ მისმენ..
მიყურებ და მისმენ...
მე თვალებს მჭრის შენი სხივები და თვალს არ გაშორებ..
შენ ერთადერთი ხარ, ვინც არ მალავს, რომ
ჩემი ტკივილი მოსწონს...
იმიტომ რომ, ეს ერთიანად ჩაბნელებული ცხოვრების
ერთადერთი თვალისმომჭრელი სიმართლითაა გამოწვეული...
და მე წლების მერე ისევ მოვალ შენს ქუჩაზე..
მუხლებს ქვაფენილთან შევიხორცებ ..
დავდგები შენი სინათლის ქვეშ და
აღარ მეტკინება შუბლის ძარღვი,
რომელზეც ყველა გამვლელი წიხლს დამაჭერს...
მე და შენ ..
მე და შენ გვტკივა გაზაფხულის მიწურულს გათოშილი ხელები..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი