ივან კ.


- წერტილი დაუსვი ყველაფერს...
-...
- ასე მოქცევა არ შეიძლება..
- ...
- უნდა წავიდე.
- ...

და ის წავიდა.

* * *
იმ დღეს ჩემი სახლის უკანა ეზოში, ოდესღაც ჩამარხულ რკინის ყუთს ვეძებდი. მიწა ხელით ამოვთხარე, ისევე როგორც ბავშვობაში, როდესაც, სულელურად ამოვიჩემე, რომ ჩემი განძისთვის სხვა არც არაფერი უნდა მეკადრებინა სუფთა ხელების გარდა..

მას შემდეგ წლები გავიდა. ახლა ხელთათმანებით ვიღებდი ნესტიან მიწას და ჯერ ვერ მივმხვდარიყავი, რომ ეს ფრჩხილებზე ზრუნვა კი არა, ბავშვობის ახირება იყო, რომ ამ მიწას მხოლოდ სუფთა ხელები უნდა შეხებოდა. მე კი წლების წინ დავკარგე ჩემი სისუფთავე.

___

არაფერი მოხდებოდა იმ დღეს, იმ საათზე, იმ წუთას, ქუჩის იმ კუთხეში რომ არ მოვხვედრილიყავი. გახსენება არ ღირს, თუმცა ეს ამბავი წამითაც არ ტოვებს ჩემს გონებას.

ქუჩა ნაწვიმარი იყო, მე ახალადშეკერილი ტანსაცმლით მივაბიჯებდი სველ ბორდიურზე, რომელსაც ქუჩის ბოლოში მდგარი ლამპიონი ძლივს ანათებდა. სახეზე ღიმილი დამთამაშებდა, რადგან ბეატრისისთვის ხელის სათხოვნელად მივდიოდი. "ან ის ან არავინ" - ვფიქრობდი გულში , თან ჯიბეში ბეჭდიან საიუვილერო ყუთს ვათამაშებდი და ვგრძნობდი დღეს შეიცვლებოდა ჩემი ცხოვრება, თუმცა ბეა არ იქნებოდა მთავარი ბიძგი ჩემი გაუკუღმართებული არსებობის.. ამას პირველ გასროლაზევე მივხვდი.. მას მეორე მოყვა, და მესამე - საკონტროლო.

ბავშვობაში ხშირად მიფიქრია მაფიოზობაზე, წარმოვიდგენდი როგორ მივაბიჯებდი მკაცრი ნაბიჯით ბნელ ქუჩებში და არაფრის მეშინოდა. ჩემი ოდნავ დაბლა დახრილი ქუდიც სავიზიტო ბარათი იქნებოდა და მის მიღმა დამალული შრამიანი სახეც. ახლა მთელო ბავშვობა თვალწინ მედგა, ოდნავ დახრილი ქუდით , თუმცა  ხელში ნამდვილი იარაღი მეჭირა და ქუჩის კუთხეშიც ნამდვილი გვამი იწვა.

სახლში ქოშინით მივვარდი, მთელ ტანზე ცივი ოფლი მასხავდა.. კიბეებზე გიჟივით ავვარდი და კართან დედა შემეჩეხა. ვწყევლი იმ წამებს, როცა მან ჩემს თვალებში მკვლელობა ამოიკითხა.

მთელი ღამე მაძალებდა პოლიციისთვის აღიარებითი ჩვენება მიმეცა, მე უარზე ვიყავი, წინ მთელი ცხოვრება მქონდა, ჯერ 24ის ვიყავი და ციხეში გამოკეტვა რატომ უნდა მდომოდა, როცა დღე-დღეზე ცოლი მომყავდა.
მაშინ სულელი ბავშვი ვიყავი, ჯერ კიდევ არ მქონდა გაცნობიერებული რომ ყველაფერი პირველი გასროლისთანავე დავკარგე. მაინც მეგონა, ბეასთვის ჯობდა ამეხსნა, რომ მე მხოლოდ ნიშნობის ბეჭედს ვიცავდი, რომლის ჯიბიდან ამოცლაც აწ გარდაცვლილმა გადაწყვიტა. მჯეროდა რომ ის გამიგებდა.. მას ვუყვარდი.. პოლიციაში კი არავინ დაიჯერებდა ჩემს სიმართლეს..
დიახ, მაშინ თავი ჯერ კიდევ ცამდე მართალი მეგონა..

დედა სკამიდან წამოიმართა :
- პოლიციაში მივდივარ!
- გაგიჟდი? რას აპირებ?
- ყველაფერს ვიტყვი..
- დედა...
ის უკვე კიბეზე ჩასვლას აპირებდა როდესაც მასთან მივვარდი და მოვაბრუნე:
- დედა არ წახვიდე.
- წავალ!
-არ წახვალ, არა , არა , არა..
დედა მკლავებით მეჭირა და განწირულივით ვანჟღრევდი, მერე ხელი გავუშვი და თავბრუდახვეული კიბეზე დაგორდა.. სული არც დაყოლია.

იმ საღამოს მართლაც აღმოვჩნდი დაკითხვების ოთახში, თუმცა მსხვერპლის ამპლუაში. მე ვიყავი ტრამვირებული შვილი, რომელმაც დედა გარდაცვლილი იპოვა სახლში.

მესმოდა კორიდორში როგორ საუბრობდნენ მთავარი ქუჩის კუთხეში მომხდარ მკვლელობაზე , თუმცა ყველა დარწმუნებული იყო, რომ იმ დროს სახლში ვიყავი, ტკბილად მეძინა სანამ დედაჩემის დაცემის ხმამ არ გამაღვიძა. გარდაცვლილს პატრონი არ გამოუჩნდა და ასე იყო თუ ისე "გამოვძვერი" ..
მამაჩემი ამ ამბის შემდეგ ჩაიკეტა.. ხმას არ მცემდა არც მე არც არავის..
წასვლა გადავწყვიტე..

და წავედი...

* * *

გაიარა... გაიარა მხოლოდ წლებმა..

ახლა ბავშვობის სახლის ჭიშკართან ვდგავარ, ვდგავარ და ველოდები მოხუცი მამა როდის გამოიხედება..

როდესაც მამაჩემის ღიმილი დავინახე, მივხვდი რომ ის ჯერაც ვერ მიმხვდარიყო, რომ მკვლელი შვილი ყავდა, ანდა უბრალოდ არ უნდოდა ამის აღიარება.. მშობლებს უჭირთ შეცდომების აღიარება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ბავშის აღზრდას ეხება.

ჩაი დამისხა, ალბათ ეს ერთგვარი ჟესტი იყო საუბრის წამოწყების... ყველაფერი ძველებურად დამხვდა სახლში. ავეჯის წყობა და სუნიც კი იგივე იყო...

- სად დაიკარგე, ერთხელ მაინც დაგერეკა.. - მამამ ლაპარაკი დაიწყო, და გამახსენდა, როგორ დუმდა 6 წლის წინ..
- არ ვიცოდი ყურმილში შენ ხმას გავიგონებდი, თუ ისევ დუმილისთვის უნდა მესმინა.. -მამას ჩაეცინა.. გავიღიმე..
- რას აკეთებდი ეს წლები, სად იყავი..
- ამერიკაში ვცხოვრობდი.. როგორც ყველა გზააბნეულმა, მეც ნიუ იორკს მივაშურე.. როგორც ჩანს, ეს ქალაქი მართლაც ასრულებს სურვილებს.. ახლა ქვეყნის ყველაზე პოპულარული ბანკის დირექტორის მოადგილე ვარ.. ხელფასიც მაკმაყოფილებს , საცხოვრებელი ადგილიც და გოგოებიც, რომელებიც გამუდმებით მეხვევიან..
- მომავალზე რას მეტყვი..
- კარგი ხელფასი მაქვს ..
- ბეატრისი გათხოვდა - სიტყვის დასრულება არ მაცადა მამამ.
- ბედნიერია?
- იმაზე ბედნიერი ვიდრე მაშინ როცა ახსნა-განმარტების გარეშე დატოვე აქ და გაქრი...
- ყველაფერი რთულადაა..
- ახსნას არ გთხოვ.. მე გაგზარდე და ვიცი გადაწყვეტილებებს სპონტანურად იღებდი ყოველთვის... თუმცა ბავშობაშიც კი ფიქრობდი მომავალზე და ეს არ იყო კარგი ხელფასი, დამიჯერე..
- აბა..
- შენ თვითონ წაიკითხე რას წერდი 12 წლის ასაკში.. ადექი ამოთხარე მიწიდან შენი წარსული და წაიკითხე.. იქნებ გონს მოეგო..

გამახსენდა.. გამახსენდა მოკლეშორტიანი ბიჭი როგორ იდგა მუხლებით ნესტიან მიწაზე, როგორ თხრიდა ხელებით ორმოს, რომ საგულდაგულოდ დაეფლო საკუთარი ოცნება მიწაში..

მას შემდეგ წლები გავიდა. ახლა ხელთათმანებით ვიღებდი ნესტიან მიწას და ჯერ ვერ მივმხვდარიყავი, რომ ეს ფრჩხილებზე ზრუნვა კი არა, ბავშვობის ახირება იყო, რომ ამ მიწას მხოლოდ სუფთა ხელები უნდა შეხებოდა. მე კი წლების წინ დავკარგე ჩემი სისუფთავე და ეს ყველამ კარგად იცოდა - მამამაც, ბეატრისმაც, რომ არ იყო ჩემი წასვლის მიზეზი დედის სიკვდილთან შეუგუებლობა.. მთავარი მიზეზი სწორედ ის იყო, რომ შევეგუე სიკვდილს, სხვის სიკვდილს.. მე ყოველდღიურად ვკლავდი ხალხს, რომელსაც პურის ფულიც კი არ ქონდა, როცა მე ერთ ღამეში გასროლილი ფულით 50 ოჯახის დაპურება მაინც შემეძლო.. როდესაც ძვირადღირებული მანქანით ნიუ იორკის ქუჩებში დავდიოდი და არ ვიცოდი, რომ არსებობდა ჩიხები, სადაც ვიღაც სიცივით კვდებოდა.
ვკლავდი ბეატრისს, რომელსიც 6 წლის განმავლობაში ყოველდღე ელოდა ჩემს ზარს და ბოლო წუთამდე ეგონა რომ დავრეკავდი... ვკლავდი მამას, ყოველდღიურად, როდესაც მეგონა, რომ მან არ იცოდა როგორ მოხვდა  დედა კიბის ერთი ბოლოდან მეორეში.. 
მე მკვლელი ვიყავი..

როგორც იქნა ვიპოვე რკინის ყუთი სადაც ჩემი ბავშვობის ოცნებას აღმოვაჩენდი.. გავხსენი.. ერთადერთი ფურცელი იდო და დედას ნაჩუქარი პირველი ქაღალდის ფული...
გამახსენდა მამას ნათქვამი , რომ ფულზე ნამდვილად არ ვფიქრობდი მაშინ, თორემ თორმეტი წლის ბავშვი ველოსიპედის საყიდლად საკმარის ფულს მიწაში არ დავფლავდი.. გამეღიმა.. ფული ჯიბეში ჩავიდე და ქაღალზე დაუხვეწავი კალიგრაფიით ნაწერის კითხვა დავიწყე :

'' აუცილებლად გავხდები მაფიოზი. ბნელ ქუჩებში მკაცრი სახით ვივლი და არაფრის შემეშინდება. ყველა ჩემი შრამიანი სახით და ოდნავ დახრილი ქუდით მიცნობს, რომელსაც ამ ფულით ვიყიდი. არავის ეცოდინება ჩემი ნამდვილი სახელი ჩემი მშობლების გარდა.
ივანე "

ნაცრისფერი შარვლის მუხლებით ეზოს ბალახს ვსრესავდი და წამითაც არ ვფიქრობდი რომ დავისვრებოდი, რადგან მე ჩემი სისუფთავე წლების წინ იმ ქუჩის კუთხეში კი არა ამავე სახლში დავტოვე...

წლების მერე პირველად ავხედე ცას , თითქოს მისგან რამეს მოველოდი. ბავშობის ოცნებები ოცნებებად დარჩა და თუმცა მაშინ წარმოდგენაც არ მქონდა რას ნიშნავდა მაფიოზი, მაინც ყველაფერს მივაღწიე, ოღონდ გაუკუღმართებულად. 

მე გავხდი მკვლელი, რომელიც მუდამ მომღიმარი დადის ნიუ იორკის განათებულ ქუჩებში. მეშინია ჩემი ოდნავ დახრილი ქუდის ჩრდილისაც კი, რომელსაც იშვიათად ვხედავ. სახეზე შრამი არ მაქვს. ყოველ შემთხვევაში არაფერი მეტყობა, თორემ სამართალი რომ არსებობდეს სადმე, მარტო სული კი არა  მთელი სხეულიც შრამებით უნდა მქონდეს სავსე. ჩემი ნამდვილი სახელი ივანე ასე იშიფრება "ის ვის მიმართაც ღმერთი მოწყალეა".. და ჩემი მშობლების გარდა ყველა დარწმუნებულია ამაში..

* * *
ეზოდან გავედი.. მუხლები შეძლებისდაგვარად გავიწმინდე და ჩემს კადილაკს ცივად შევხედე..  "ფეხით უნდა გავისეირნო" ვიფიქრე , თუმცა ახლა სეირნობა ჩემთვის სუფთა ჰაერის ჩაყლაპვასთან ნამდვილად არ იგივდებოდა... 

ცოტა გავიარე და ქუჩის მეორე მხარეს ბეატრისი დავინახე საკონდიტრო მაღაზიაში.. მუხლებზე დავიხედე, მერე ისევ ვიტრინას შევხედე და გადავწყვიტე : "უნდა ვნახო" .
ბოლოს და ბოლოს შეიძლება ეს ჩემი უკანასკნელი ვიზიტი ყოფილიყო მშობლიურ ქალაქში. 

საკონდიტროში რომ შევედი ბეატრისმა ზარით გაიგო, რომელიც კარის თავზე ეკიდა.. თუმცა ეს ის ზარი არ იყო რომელსაც ის ამ წლების განმავლობაში ელოდა..

-გამარჯ..... - სიტყვა ტუჩებზე შეაშრა ..
- მიცანი ბეა? 
- არ უნდა მოსულიყავი..
- უნდა ვილაპარაკოთ..
- კი უნდა გველაპარაკა, დიდი ხნის წინ, სანამ წახვიდოდი.. ახლა შენი სიტყვები არაფერს შეცვლის.. - სახეზე ბეჭდიანი ხელი ამაფარა და მომსახურე პერსონალისთვის განკუთვნილ პატარა ოთახში შევარდა, რომელსაც კარი არ ქონდა.. 
- ბეა არაფრის პატიებას არ გთხოვ.. უბრალოდ ვისაუბროთ არ შეიძლება?
- ... - თვალებში შემომხედა და გამახსენდა ყველა ადამიანური გრძნობა რაც დამავიწყა წლებმა და ამავე ქუჩის კუთხემ.. საკუთარი სახლის კიბემ და ნიუ იორკმა..
- გამოდი.. დავსხდეთ და ვისაუბროთ.. 

თანამშრომელ გოგონას რაღაც გადაულაპარაკა, წინსაფარი მოიხსნა და დახლს იქით გამოვიდა..
გასვლისას ზარის ხმა ისევ გაისმა.. მუხლებზე შემომხედა, მერე მრავალმნიშვნელოვნად თვალებში, ხელები გადააჯვარედინა და პირმოკუმული მელოდებოდა როდის დავიწყებდი მოყოლას... სად ვიყავი, რას ვაკეთებდი.. მე არაფერი მომიყოლია..  ავდექი და მიუხედავად იმისა რომ შემეწინააღმდეგა, მაინც მივიკარი გულთან .. საფეთქელთანაც სულ ძალით ვაკოცე, მომენატრე მეთქი.. 

- გაგიჟდი? 
- რატომ ჩხუბობ? 
- შენ კიდევ უფრო შეშლილხარ , გათხოვილი ვარ.. ხალხი რას იტყვის..
- დიდი ხანია ხალხის აზრი გაინტერესებს?
- ივან.. მალე დედა გავხდები, ახლა მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრი სისულელეა.. - ეშმაკური ღიმილი სახეზე შემაშრა.. დედა.. ყველაფერმა თავიდან გადამირბინა თვალწინ.. გამახსენდა რომ ოდესღაც სწორედ ამ ქუჩაზე მოვდიოდი დიდი ნაბიჯებით, პულსაჩქარებული და ვფიქრობდი რომ ან ბეა უნდა ყოფილიყო ჩემი ცოლი ან არავინ.. ის კი მალე დედა გახდებოდა და ვინ იცის, იქნებ ოდესმე თავისსავე შვილს მოეკლა ისევე ცივსისხლიანად როგორც ეს მე გავაკეთე წლების წინ.. 
- შენ ჩემი ცოლი უნდა ყოფილიყავი..
- მე ის მიყვარს.. წადი.. - ვხედავდი რომ ტყუოდა, თვალები აუცრემლიანდა და მის თვალებთან მოწოლილ ტალღებში ვხედავდი ყველა ღამეს რომელიც ჩემს მოლოდინში გაატარა.. მაინც აღარაფერს იტყოდა.. ეს მისი ბოლო სიტყვა იყო.. "წადი" 
- მიყვარხარ..
- წერტილი დაუსვი ყველაფერს... - ცრემლები მოიწმინდა და მკაცრი სახით შემომხედა..
-... - ვდუმდი..
- ასე მოქცევა არ შეიძლება..
- ... - ისევ ვდუმდი..
- უნდა წავიდე.
- ... - დავმუნჯდი..

და ის წავიდა. ახლა მან დამტოვა.. მართალია მისი წასვლის ხმა ზურგს უკან გავიგე, მაგრამ მანძილი ჩვენს შორის ახლა იმხელა იყო, როგორიც არასდროს.. მე მას ვეღარასდროს დავეწეოდი.. ის წავიდა..  ვგრძნობდი დღეს შეიცვლებოდა ჩემი ცხოვრება, თუმცა ბეა არ იყო მთავარი ბიძგი ჩემი გაუკუღმართებული არსებობის...

* * *
ბეატრისი ერთადერთი იმედი იყო ჩემი გაადამიანურებისა.. ეს იცოდა მამაჩემმაც , მეც და თუკი სადმე არსებობს ალბათ ღმერთმაც. მაგრამ მან დამტოვა..
მე არაფერი გამაჩნდა მუხლებდასვრილი შარვლის გარდა .. ეს იყო ჩემი ერთადერთი სიმდიდრე.. ჯიბეებში ხელები ჩავილაგე და ქუჩას გავუყევი.. ხელში წლების წინ დამარხული ქაღალდის ფული მომხვდა.. გამახსენდა ჩემი ბავშვობის ოცნება და პარალელურ ქუჩაზე ჩავუხვიე..

- ის ნაცრისფერი, შავი ზოლით..
- შესანიშნავი არჩევანია..
- მთავარია სახე დამალოს..
- რას ამბობთ.. თქვენნაირი სიმპათიური მამაკაცი ამას არ უნდა ამბობდეს.. - გამეკეკლუცა გამყიდველი გოგონა..
- მთავარია სახე დამალოს...  - შევხედე მკაცრი სახით - და შრამი..
გოგონა გაოცებული და ცოტა შეშინებული მიყურებდა..  სახეზე მათვალიერებდა , ეტყობოდა შრამს ეძებდა.. თუმცა ახლა ჩემს შრამებს მხოლოდ მე ვხედავდი  მთელ სახეზე, ვგრძნობდი მთელ ტანზე...
სალაროსთან ძველისძველ "განძს" ცოტა ნიუ იორკში ნაშოვნი ფულიც დავუმატე და მაღაზია ქუდით დავტოვე...

* * *
მაფიოზი ვერ გავხდი.. მაგრამ სახედამალული დავდივარ ქუჩებში ღამღამობით.. ჩემი მკაცრი სახის ყველას ეშინია .. ჩემი ნამდვილი სახელი არავინ იცის , მხოლოდ მამამ..  მე არ ვარ ის ვის მიმართაც ღმერთი მოწყალეა.. მე უბრალოდ ივანე ვარ.. და დღეს ჩემს სხეულსაც ამ ქუჩის კუთხეში დავტოვებ.. როგორც წლების წინ სული დავტოვე...

________________________________
ივანე – (ებრ) “ის ვის მიმართაც ღმერთი მოწყალეა
”ბეატრის_ (ლათ) “ბედნიერი” იგივეა ბეა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი