Ginger
ყველა გაღვიძება ჰგავს დასასრულს... ცოცხლად რომ გმარხავენ და საფლავში იღვიძებ... მიწას რომ საგულდადულოდ ჰყავხარ მოქცეული საკუთარ მკლავებში და არ უნდა შენი გაშვება... არ უნდა შენც დაგკარგოს.. და შენ ტოვებ შენს მყუდრო და ცივ სამყოფელს.. დგები და მიდიხარ "ცოცხლებში"... და შენ გკლავენ .. ყოველდღე გკლავენ და გაბრუნებენ მიწაში... შენ უკვე იცი რომ ყველა გაღვიძება არის დასასრული... ... წელს პირველად გამაღვიძა მზის სხივმა.. ალბათ მზე ზენიტისკენ მიიწევდა უკვე.. ცხელოდა.. მთელი ოთახი გაკაშკაშებული იყო და ქანცგაწყვეტილი ვეგდე საწოლის მარჯვენა მხარეს .. ძალით გავახილე თვალები რომ დარწმუნებულიყავი ჩემი მეხსიერების სიზუსტეში... შენს გაზაფხულისფრად შეწითლებულ თმებზე მზე თამაშობდა.. და ვგრძნობდი გცხელოდა შენც რადგან უშნოდ იშმუშნებოდი თხელ საბანში.. შენი ზურგი იყო ერთიანად შიშველი და მე შენს ხერხელმის ხაზზე მეწერა უთუოდ ჯოჯოხეთისკენ მიმავალი, შენივე უსასრულობისკენ მიმართული თმით დაწნული ბეწვის ხიდის გავლა.. ჩემდაუნებურად ღრმად ამოვისუნთქე და ჩემი ნახშირორჟანგის ნაკადი შენს წელს შეასკდა ერთიანად.. გაიღვიძე.. ეს არ იყო სიყვარული.. არასდროს ყოფილა.. რადგან შენ გაიღვიძე და არ გაგიღიმია.. ძილს ვერ განაგრძობდი.. რადგან მზისსხივები ერთიანად შენი სილამაზის საყურებლად მოქუჩებულიყვნენ საწოლის მარცხენა მხარეს და შენ არასდროს გიყვარდა დაჟინებული მზერა.. ადექი.. და შენს სხეულს გაყვა ჩემი დაღლილი თვალები...მე სასოწარკვეთილი ვიყავი შენ კი ერთი ღამით ნაყიდი ბედნიერება.. რომელიც მეორე დილით მზის სხივებმა ააორთქლეს.. ბავშვობიდან "ჩანჩურა" ტიპი ვიყავი.. თმა ყოველთვის გაზრდილი მქონდა და არასდროს ვიყურებოდი სახლიდან გასვლის წინ სარკეში.. ვმუშაობდი ნაცრისფერ კედლებში.. და ჩემი პროფესია არც მეტი არც ნაკლები გაზეთის მკეცავი გახლდათ.. კაცმა რომ თქვას არც არასდროს დამიჩივლია სამსახურზე.. ალბათ სულ რამდენჯერმე, ისიც საკუთარ თავთან... ალბათ იმიტომ , რომ სხვა არც არავინ ინტერესდებოდა ჩემი ცხოვრებით.. მოხუც დედასთან და გაუთხოვარ დასთან თვეში ერთხელ ჩავდიოდი მოვალეობის მოხდის მიზნით... დედამ ვერასდროს დაიმახსოვრა რომ არ მიყვარდა მაყვლის მურაბა... ამიტომ ყოველ ჩასვლაზე ის საზეიმოდ გამოჰქონდა სამზარეულოდან ძველისძველ ჭურჭელში გადმოწურული და ეშმაკური ღიმილით ელოდა ჩემს რეაქციას.. ამ დროს იწყებოდა ომი.. ქალებს შორის.. ჩემი და შეპყრობილივით ეცემოდა ხელებში და ყვირილით მიჰქონდა უკან მოხუცის ნახელავი... დედა იწყენდა... მე იძულებული ვიყავი დამემშვიდებინა და პირობა მიმეცა რომ დაწოლამდე მოვიპარავდი მურაბას და გამოვცლიდი ჭურჭლიდან ისე რომ იდას არ დაენახა... მოხუცი ბედნიერი იყო.. მხოლოდ იმ წამს... დანარჩენ დროს კი მამაზე ფიქრობდა და ენანებოდა .. დასანანი ნამდვილად იყო ომგამოვლილი კაცის ასეთი სულელური სიკვდილი... ჭერმის ხეზე მიდგმული კიბე ძაღლმა გადაუყირავა და გააყოლეს კიდეც იმქვეყნად ცხონებულს... გასვენებაში იწვიმა.. კინოებში როგორც ხდება ხოლმე.. შავებში ჩაცმული ქალები ტიროდნენ და ვტიროდი მეც... რექსი მებრალებოდა ჩემი ერთადერთი მეგობარი.... სხვებს კი მე... ამბობდნენ ბიჭს მამის თანადგომა მოაკლდებოდა.. მე კი ვერ წარმომედგინა როგორ შეიძლებოდა ის მოგაკლებოდა რაც არასდროს გიგრძვნია... ყველაფერი ნამდვილად ფილმს გავდა... მე კი საუკეთესო მსახიობად ვაღიარე ჩემი თავი.. შებინდებისას ტბასთან ჩავედი... იდა გასარეცხშალშემოხვეული მომიდგა გვერდით და მომიყვა თავისი ცოლიანი საყვარლის შესახებ რომელთანაც თავს ძალიან ბედნიერად გრძნობდა... მე ვისმენდი.. დიდხანს ვისმენდი და ბოლოს ვკითხე.. - დაიძინა ? - კი.. მე უხმოდ ავუყევი აღმართს სახლამდე... სამარეულოს მაგიდაზე მაყვლის მურაბა იდგა... ხელუხლებელი.. სანაგვეში ჩავწურე ბოლო წვეთამდე და დასაძინებლად წავედი.. მეორე დილას უჩვეულოდ ადრე გამეღვიძა .. მათ უკვე წყალი ჰქონდათ შემოდგმული გაზზე მე უარი ვთქვი საუზმეზე.. ჩემი ძველისძველი პიკაპის გასაღებს მოვკიდე ხელი და სახლისკენ წამოვედი.. კვირა დღე იყო ... უღიმღამო.. ნაცრისფერი... მე მივყვებოდი მონოტონურ გზას... და თავს ძლივს ვიკავებდი რომ არ ჩამძინებოდა.. სახლში შესულს ის გოგო გამახსენდა.. წითური თმით... და ჩემს თავზე გაცინებაც ვერ გავბედე... ვგრძნობდი რომ ორშაბათი ნაბახუსევით დაიწყებოდა.. და წინასწარ მეზარებოდა.. დილის გამოუძინებელს საწოლის მარჯვენა მხარეს მიმეძინა და მზის ჩასვლისას გამეღვიძა.. არ მინერვიულია დაკარგულ დროზე.. რადგან საკეთებელიც არაფერი მქონდა... ცოტა გამიხარდა კიდეც რომ დღე ასე თუ ისე გადავაგორე... აბაზანაში შევედი .. შხაპის მისაღებად.. რადგან აშკარად ვგრძნობდი იქაური სახლის სუნი გამომყოლოდა... მზე რომ მთლად გაქრა... გავედი მის მოსაძებნად... უფრო სწორად წავედი იქ სადაც ყოველთვის მეგულებოდა წითური... ბნელ ქუჩას რომ მივუახლოვდი დავინახე როგორ ჩაუჯდა სხვას მანქანაში და გული დამწყდა... ეს არასდროს ყოფილა სიყვარული რადგან მას არასდროს გაუვლია გულში რომ მე ველოდებოდი... ჰო, ველოდები იმ ქუჩაზე და ჩემთან ერთად კიდევ რამდენიმე ქალი ელოდა.. ვულგარულად ჩაცმული მეძავები ღია ფანჯარაში მიძვრებოდნენ მე კი მორჩილად ვიდექი და ვუცდიდი მანამ სანამ ის მანქანა უკან მობრუნდებოდა და დავინახავდი ჩემს წითურს... ვულგარულად ჩაცმულს.. თმააწეწილ მეძავს.. მანქანა ნელა დავძარი ადგილიდან და მასთან გავჩერდი.. - წამოდი.. - შენ? - მითხრა ამრეზით - ჩაჯექი.. - მგონი, ცხოვრებაში პირველად ავუწიე ხმას... მან მორცხვად მოათვალიერა კოლეგები და უკმაყოფილო სახით ჩამიჯდა დანგრეულ პიკაპში.. მორჩილად მელოდა სანამ მანქანას დავკეტავდი მერე სანამ სადარბაზოს კარს გავაღებდი.. მერე სახლის.. და შესვლისთანავე გახდა დაიწყო... მე სამზარეულოსკენ წავედი... - ჩაის დალევ? - არაფერი უპასუხია.. - ჟასმინის ჩაი მაქვს.. ეჭვნარევი სახით შემოვიდა სამზარეულოში - დამისხი.. - ჩემს გვერდით კომოდზე შემოსკუპდა და ფეხსაცმელები აქეთ იქით გაისროლა.. ფანჯარაში იყურებოდა.. ჩაი მივაწოდე და მის პირდაპირ მაგიდას მივეყრდენი ... - დაიღალე..? შემომხედა და ისე გულიანად გადაიხარხარა, აუცილებლად შემიყვარდებოდა მეძავი რომ არ ყოფილიყო.. ეს მზერა შემატყო და ჩაი გადაღვარა.. ჩემს წინ იჯდა სხეულით მოვაჭრე, რომელიც წამებში ბავშვად გადაიქცა და მისი საქციელებიც ასეთი პროგნოზული არასდროს ყოფილა.. მე მეღიმებოდა მის არიდებულ მზერაზე.. არ ვიცი უცებ რამ მომიარა თავში.. - აქ უნდა დარჩე... - დღეს სხვებიც მეყოლებიან, დროს მაკარგვინებ.. - არა უნდა დარჩე.. აქ იცხოვრე.. - ეს უკვე მეტისმეტია... - ჩამოხტა კომოდიდან, ფეხსაცმელებს დაავლო ხელი და კარისკენ გაიქცა.. რომელიც ჩაკეტილი იყო.. - დარჩი.. - მივედი.. ხმას არ იღებდა.. ისევ ბავშურად მიყურებდა ქვემოდან და ვიგრძენი რომ უნდა მეკოცნა... ის აუცილებლად გამარტყავდა ხელს მეძავი რომ არ ყოფილიყო და რომ ვყვარებოდი... ჩვენ საძინებლისკენ გადავინაცვლეთ და მას ისევ ზურგშექცეულს ჩაეძინა.. მე არ მაინტერესებდა, რომ მეორე დღეს დავემშვიდობებოდი ჩემს "კარიერას".. რომ გამოეგონათ შიშველი ზურგის ყურების ვაკანსია მე მის მხრებზე დავტოვებდი სამუდამოდ ჩემს თვალებს.. ის მეძავი იყო... ჩვენი ისტორია არ იყო განწირული ვინმეს რომანში უკვდავსაყოფად... რადგან ის ვერასდროს მისცემდა თავს იმის უფლებას რომ ვინმე შეყვარებოდა.. თანაც ჩემნაირი ერთოთახიანი ბინის, ძველისძველი პიკაპის და აჩეჩილი თმის პატრონი .. მე კი დღითიდღე მაცოფებდა იმაზე ფიქრი რომ ყოველდღე სხვადასხვა კაცის გვერდით აღამებდა.. და მაბედნიერებდა რომ ათენებდა მხოლოდ ჩემთან და ეს იყო ჩემი ყოველდღიურობა.. მანამ სანამ ძველი სამსახურიდან გადანახული ხელფასი არ ამომეწურა... კალენდარს დავხედე და მივხვდი, რომ დიდი ხანი იყო ქალაქგარეთის სახლის სუნს არ შევუწუხებივარ.. ფიქრებმა წამიღო.. ვიწექი საწოლის მარცხენა მხარეს და ჭერზე ვხაზავდი მეგობარი გოგოს ნაცნობ სილუეტს.. ტელეფონის ზარმა გამომაფხიზლა და ცხოვრებაში პირველად დამაფიქრა შეტყობინებამ - დამთხვევებზე.. - დედა აღარაა.. - ჩამოვალ.. ჩვენი საუბრები არასდროს იყო ხანგრძლივი თუმცა მაინც მგონია, რომ ეს ყველაზე მოკლე და ჩემდაგასაკვირად ამაღელვებელი მომენტი იყო ჩემი და იდას ცხოვრებაში... მატარებლით წავედი , საწვავი აღარ მქონდა... სახლში გარდაცვლილი დედა დამხვდა და ერთადერთი და რომელიც ბავშვობის მერე მტირალი არ მინახავს... გარეთ ვიღაც უცნობი ტიპი აბოლებდა სიგარეტს.. იდა შემომეგება.. ისევ იმ შალით.. "გაურეცხია" , ვფიქრობდი გულში სანამ მხარს მისი ცრემლები მისველებდა.. დავსხედით... ვიცოდი ახლა აღარავინ შემომთავაზებდა საზიზღარ მაყვლის მურაბას და ცოტა შვება ვიგრძენი.. - თავი მოიკლა.. - იდა თვალებში მიყურებდა და გამეღიმა.. - ახლა რატომ? - ჩემი ბრალია... - ისევ ატირდა.. ვერაფრით წარმოვიდგინე შესაძლო ვარიანტების სია, რასაც შეეძლო დედაჩემი თვითმკვლელობამდე მიეყვანა.. - შეყვარებული გავაცანი.. - ის აგრძელებდა საუბარს და მე იმ ცვლილებაზე ვფიქრობდი რაც ჩემი არყოფნის მომენტში მოხდა ჩემს დაში.. - მეზობელს დავუნახივართ ერთად და დედასთვის უთქვამს მისი ცოლის შესახებ.. ვუთხარი გაშორდა თქო, გეფიცები , გეფიცები გაშორდნენ... - ტირილს უმატებდა.. მე გაოცებით ვუსმენდი .. ამ დროს ოთახში თამბაქოს სუნით აყროლებული ტიპი შემოვიდა და შემოგვხედა.. "აჰა, აი დედაჩემის მკვლელიც"... გავიფიქრე და გამახსენდა მამას დაკრძალვის ცერემონია და უცებ ძალიან დამეზარა ყველაფერი.. ჩემი სულიერი მდგომარეობა არ იყო მზად მორიგი როლის შესასრულებდად და უცებ აღმოვაჩინე რომ სულაც არ ვყოფილვარ კარგი მსახიობი... დედა დავკრძალეთ და მეორე დღესვე დავბრუნდი უკან... ძველისძველ სახლში დავტოვე შეყვარებულები.. იდამ ცოტა ფული გამომატანა და ერთი სული მქონდა შებინდებულიყო, რომ ნაცნობ ქუჩაზე კვლავ მენახა ჩემი მეგობარი გოგონა.. გზად მეზობელ საპარიკმახეროში შევიარე და თმა და წვერი დავამოკლებინე... მეცინებოდა.. თუმცა არავინ იყო გარშემო ამ მხიარულების გამზიარებელი ამიტომ ვდუმდი... სახლი ერთი ხელის მოსმით მივალაგე და გასვლის წინ სარკეშიც ჩავიხედე... ბნელოდა , თუმცა მაინც შევამჩნიე ჩემი გოგო ცივ კიბეზე ჩამომჯდარი... გამიხარდა, რომ თავისუფალი იყო.. გავაჩერე და დავუძახე... - ჰეი... - სახელით მივმართავდი ალბათ, რომ მცოდნოდა.. - შეშინებული სახით გამომხედა... და მოირბინა... - წამოდი.. მთელი გზა ფანჯარაში იყურებოდა და თბილ ნიავს ჩემამდე მონატრებული თმის სუნი მოქონდა.. შევედით ჩემს ერთოთახიანში.. -არა.. - თქვა მან და მე გამეცინა... - წავალ.. - გაგიჟდი? ახლა არ მოვედით? ჩაი გინდა ? - გავიცინე და თმაში შევუცურე ხელი... მან უხეშად მოიქნია ხელი და საწოლზე დაჯდა... - შიდსი მაქვს... - გაბადრული სახე წამებში შემეცვალა.. ხმას ვერ ვიღებდი... ჩემი მეგობარი გოგო მოკვდებოდა და მე მქონდა არჩევანი.. ჩემი ძაღლივით უკან გავყოლოდი იმქვეყნად ან მეცხოვრა უმისოდ და დედაჩემივით თვითმკვლელობით დამესრულებინა ოდესმე სიცოცხლე... *** ჭერსმიშტერებული ისევ ტელეფონის ხმამ გამომაფხიზლა... ისევ იდა.. ისევ ჩემდაგასაკვირად ამაღელვებელი საუბარი დასთან.. დეჟა-ვუს მსგავსი გრძნობა მქონდა... იდა ცოლად მიყვებოდა იმ შეუხედავ, აყროლებულ ტიპს და მთხოვდა ჩავსულიყავი... გავემზადე და წავედი.. საწვავის ფული საბედნიეროდ აღარ მიჭირდა.. მანქანების გასაქირავებელ ბიუროში არცისე ბევრს ვშოულობდი მაგრამ თვიდან-თვემდე ვინახავდი როგორღაც თავს... ცერემონია დაიწყო .. ჩვენი ძველი სახლის ეზო ისეთი მორთული იყო, როგორც ჩემს ბავშობაში დღესასწაულებზე... ვიღაც დაბალმა ტიპმა მუსიკოსებს ანიშნა და დაიწყეს მარში.. უკან მივიხედე ინსტინქტურად და ბავშვებს მივაშტერდი რომლებიც ჩემი დის გზას მომავალ სიძემდე ვარდის ფურცლებით რთავდნენ.. რიგში მეორე წითური იყო.. გამახსენდა ჩემი მეგობარი გოგო და მივხვდი რომ მომნატრებოდა , თან უადგილო ბედნიერების გრძნობა დამეუფლა, დედამ რო არაფერი იცოდა ჩემი მეძავი შეყვარებულის შესახებ, თორემ მე დამბრალდებოდა ალბათ მისი სიკვდილი... ყველაფერმა ჩვეულებრივ, მონოტონურად ჩაიარა და შებინდებისას უკან დავბრუნდი .. სახლში არც შემივლია ისე გავემართე ნაცნობი ქუჩისკენ ქორწილიდან მოპარული შამპანურის ბოთლით... იქ არ დამხვდა... - სადაა? - ვკითხე პირველივე ღია ფანჯარაში შემომძვრალ შეუხედავ ქალს... - ერთი ამას შეხედეთ, თავის გოგოს ეძებს.. - უშნოდ გადაიხარხარა ქალმა და კოლეგებს გახედა... - ერთი კვირის წინ ჩააკვდა ჩემ კლიენტს ხელებში.. მეტის ღირსია კაცი რომ წამართვა... მარა ისე მაგარი კი გაუჩალიჩა - სიცილს არ წყვეტდა საზიზღარი მეძავი... მინდოდა გადმოვსულიყავი და მეცემა.. ამის მაგივრად შამპანური შევთავაზე და მანქანაში ჩავისვი... სახლში არ ამიყვანია... ცენტრალური პარკის შესასვლელთან ვისხედით და მორიგეობით ვწრუპავდით იაფფასიან შამპანურს... - მაგარი გოგო იყო.. - ჰო.. - შეგიყვარდა არა?! - არა.. - როგორც იტყვი... მეტი არ გვისაუბრია... სახლში გამოვბრუნდი და უხარისხო სასმლით თავატკიებული დასაძინებლად წავედი მაშინვე... დილას სიცივემ გამაღვიძა.. ტანსაცმლიანს ჩამძინებოდა.. მარჯვენა მხარეს... მის ბალიშს ჯერ კიდევ შემორჩენოდა თმის სუნი და მე არ მსურდა ოდესმე გამეხილა თვალი, რომ არასდროს დარწმუნებულიყავი ჩემი მეხსიერების სიზუსტეში... ჩემს არეულ ოთახში ფარდები საგულდაგულოდ გადაფარებული დამრჩენია წუხელ და ვგრძნობდი რომ არასდროს შემოვიდოდა მზე აქ.. რადგან აქ აღარ იყო შენი ზურგი, ერთიანად შიშველი... ჩემდაუნებურად ღრმად ამოვისუნთქე და ჩემი ნახშირორჟანგის ნაკადი უსასრულო დახუთულობაში გაიფანტა... ეს არ იყო სიყვარული.. არასდროს ყოფილა.. რადგან ვუყურებდი ჭერს და ვეღარ ვიხსენებდი შენს სილუეტს..შენ სამუდამო ძილს განაგრძობდი.. რადგან მზისსხივები აღარასდროს შეგაწუხებდათ შენ და შენს უსასრულობისკენ მიმართულ წითურ თმებს.. იწექი სადღაც.. არც კი ვიცოდი სად, რადგან იმ ღამით მე თვითონ გაგიღე კარი და სიკვდილთან მარტო შესახვედრად გაგიშვი... შენს სხეულს არ გაჰყოლია ჩემი დაღლილი თვალები... მე ვგრძნობდი როგორ მიპყრობდა ბრაზი, რომ აღარასდროს გაათენებდი ჩემთან.. მე სასოწარკვეთილი ვიყავი შენ კი რამდენიმე ღამის ბედნიერება და დარჩენილი ცხოვრების ტანჯვა... ვიგრძენი სიყვარული.. და სინანული, რომ ეს გრძნობა აქამდე ვერ გავაანალიზე და გაგიშვი.. ჩვენი ისტორია არ იყო განწირული ვინმეს რომანში უკვდავსაყოფად... რადგან მე ვერასდროს მივცემდი თავს იმის უფლებას, რომ მეძავი მყვარებოდა... თანაც შიდსიანი... ეს უადგილო თავმოყვარეობა კი ყოველდღიურობამ ჩაანაცვლა... მე მიყვარდა მკვდარი მეგობარი გოგონა, მანამ, სანამ ძველი დღეებიდან გადანახული გრძნობა არ ამომეწურა... "ის მეძავი იყო, ახლა კი - მკვდარი მეძავია" ... გავიზეპირე ფრაზა, რომლითაც თავს ვიმშვიდებდი იმაზე ფიქრის დროს, რომ ყველა მისი გაღვიძება ჰგავდა დასასრულს... ცოცხლად რომ გმარხავენ და საფლავში იღვიძებ... მიწას რომ საგულდადულოდ ჰყავხარ მოქცეული საკუთარ მკლავებში და არ უნდა შენი გაშვება... არ უნდა შენც დაგკარგოს.. და შენ ტოვებ შენს მყუდრო და ცივ სამყოფელს.. დგები და მიდიხარ "ცოცხლებში"... და შენ გკლავენ .. ყოველდღე გკლავენ და გაბრუნებენ მიწაში... მან იციოდა რომ ყველა გაღვიძება იყო დასასრული... მე მებრალებოდა წითური გოგონა.. მაგრამ ფიქრის ბოლოს მაინც იმ აზრზე ვჩერდებოდი, რომ ყველა იაფფასიანი "ბოზის" ბოლო ინფექციით სიკვდილია და თითქოს ამით ვიმშვიდებდი თავს.. მერე დიდხანს ვუყურებდი შეთეთრებულ ჭერს, სადაც აღარასდროს მოიხაზებოდა მისი სილუეტი... არც სხვისი და ასე მეძინებოდა ფიქრებში, რომ ყველა ჩემნაირი ერთოთახიანი ბინის, ძველისძველი პიკაპის და აჩეჩილი თმის პატრონის ბოლო მარტოობით სიკვდილია , მანამ სანამ არ გახუნდა კედლებიც და ჭერიც სახლში... სანამ არ გამითეთრდა თმა და წვერი , რომელსაც თვეში ერთხელ ვამოკლებინებდი მეზობელ საპარიკმახეროში ახალგაზრდა გოგონას.. სანამ ასაკის გამო არ გამომიშვეს ბიუროდან.. სანამ არ გარდაიცვალა ჩემი უფრო და იდა.. სანამ ჯერ კიდევ მქონდა იმდენი ძალა , რომ ჭერზე სამაგრი მიმემაგრებინა.. სანამ ჩემი შეუხედავი სიძე არ ჩამოვიდა საბუთებით ქალაქგარეთის სახლის გადასაფორმებლად და საძინებელი ოთახის მარცხენა მხარეს არ მნახა სამაგრზე მობმული წითელი თოკით ჩამოკიდებული.. "სასაცილო მოხუცი" გაიფიქრებდა ალბათ საგამომძიებოს თანამშრომელი და თეთრი ხელთათმანებით ჩამომხსნიდა შენი უსასრულობისკენ მიმართული წითური თმიდან...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი