შინდისის გმირებს
ალბათ ჯვარი გადაგსახათ დედამ, მტერზედ ძლევა შეავედრა უფალს, დარდს და ცრემლებს გიმალავდათ ჩუმად ისე ერთი ვაიც რომ არ უთქვამს. ალბათ მხრებზე მოგეხვიათ მამა, შემოგხვევდათ ათრთოლებულ მკლავებს, ღამღამობით ბოლთას სცემდა უტყვად, -შვილები ჩვენს ისტუმრებსო ვალებს. ალბათ მკერდი დაგინამათ ცოლმა, გავედრებდათ დაბრუნდიო ცოცხლად, გაფრთხილდიო -არ შეაკლა თავი ველურ ოქროსურდოელთა მოდგმას. ალბათ თქვენით ამაყობდა შვილი, მამაჩემი მტერს დევნისო ველად, -გავიზრდები, მეც გავხდები გმირი, დავიბრუნებ საქართველოს ვრცელად! ალბათ წარბსაც არ შეხრიდით იმ დროს, მტერმა როცა შემოგარტყათ ალყა, ხელყუმბარას იშიშვლებდით მაშინ, ბოლო ტყვიას ნემსამ როცა დაჰკრა. ალბათ მომხდურს არ დანებდით მიტომ, ფეხქვეშ რომ არ გაეთელათ დროშა, მტერიც ბევრი გაისტუმრეთ წყვდიადს ვოვა, დიმა, გენა, ლოვა , გოშა... ალბათ ღმერთმა ჩაგიხუტათ მაშინ, როცა ტყვიამ შეგილეწათ მკერდი, ზეციური მხედრიონი არის თქვენისთანა ვაჟკაცების ხვედრი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი