მეტეხის აჩრდილები


რომ გადახედავ მთვარის შუქზე მეტეხის ჩრდილებს,
თუკი წარსულის აჩრდილებმა იწყეს ზმანება,
მაშინ იცოდე რომ შენ სისხლი ქართული გიჩქეფს,
თბილისზე  მეტად  არაფერი  არ გეყვარება.
-ყარაჩოხელებს გაუმართავთ ქეიფი ტივზე,
დარდიმანდულად ღიღინებენ სტროფებს ლოთიანს,
ორთაჭალიდან თბილი სიო ძალ-ღონეს იკრებს,
აშრობს ბადეებს ნაპირებთან,თევზის ქონიანს.
სიონის ზარი ენაცვლება მეჩეთის აზანს, 
პირხმელი ჩარჩი მთვარეს ადრის ოქროს თუმნიანს,
ხიდის ბოლოში ახუჭუჭებს მეზურნე რითმებს,
თულუხჩები კი წყლის კოკებით მიდი-მოდიან.
დუქნის მეარღნე აღიღინებს ჩობან ბაიათს,
თუთის ციალი ალიონის  სხივის დარია,
დუქანთან კინტო მოხდენილად ცეკვავს კინტოურს,
თეძოებს მარჯვედ ათამაშებს როგორც დაირას.
ღვინის აღმართზე მიჭრიალებს მძიმედ ურემი,
დაბერილ რუმბში ანცი ღვინო იკლავს ხვაშიადს,
მთვრალი მეურმე ოროველას ღამეს უმღერის,
წკეპლას გადაჰკრავს ერთგულ ლომას, ზორბა ტანიანს.
აბანოებთან იაფ ტურფებს მღვდელი უცქერის,
სწრაფად,ნერვულად, გადაიწერს პირჯვარს მადლიანს,
იცის  ერთხელაც აღარააქვს ნება ცდუნების,
მიბრუნდება და გაუყვება შარას დარდიანს.
მაიდანზე კი ეშხში შესულ ლახტაობაში,
ჭაბუკნი ელვას აკვესებენ, ცეცხლებს აფრქვევენ,
შორი-ახლოდან ლამაზმანთა ჟივილ-კისკისი,
გამარჯვების  ჟინს  მათ  გულებში  აათმაგებენ.
მტკვართან, რიყეზე წამოყრილა რუსის სალდათი,
არყით დაჭრილნი, გამთბარ ქვებზე ზანტად გორავენ,
ნაპირთან წყალში ჩაუყრიათ  ჩექმების გროვა ,
ვეღარ გაიგებ, რეცხავენ თუ თევზებს ხოცავენ.
ბრიყვული მზერით,ხელში ბოთლით,თავზე ფურაჟკით,
მწყრალად დასჩხავის პორუჩიკი ყოველ მის მორჩილს,
-ფეხებს დაგიხვრეტთ ყველა მკრეხელს ჩემი ნაგანით,
ვინც არ იწამებთ,  ჭეშმარიტება ჭაჭაშია, განა  ღვინოში?!
დინჯად დასცქერის   არემარეს ცით  ნარიყალა,
რა არ უნახავს,ვინ მომხდური მის ტანჯულ კედლებს,
თურქი, მონღოლი თუ, სპარსი,ელადელი... მაგრამ ამათთანას,
აღარ მოსწრებია,გორგასლის დროიდან  დღემდე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი