გრუზინს


აღარც სამშობლო,აღარც უფალი,
თავად თუ არა ხარ თავისუფალი
ვეღარ იქნება შენთვის მთავარი,
მუდამ გედება რუსის თავანი.
ვეღარ დაგატკბობს დილით ჭიკჭიკი,
ლაჟვარდის ცაზე ღრუბლის აფრანი..
ეკლიან გზაზე წვრილი ბილიკი
ვეღარ იქნება შენი სავალი.
ვერ გეყვარება შენ აღარც ჯაზი,
უცხო იქნება  სი-ბემოლები...
დაყენებული მიმიკით ბრაზის
შანსონის ჰანგებს დაემონები.
ვეღარც ტაძარში მუხლმოყრით ლოცვა
ვერ მოგიშუშებს სულის იარებს,
არ ემსგავსები თუ თავად უფალს,
თუ ადამიანს   არ   შეიყვარებ!
შენ ვეღარც მარხვა გიშველის,გაგწმენდს,
მწვადის ნაცვლად  თუ "იკრას" იხმიებ,
თუ განიკითხავ  ძმასა და მოყვასს
ობოლს და ღატაკს არ მოიძიებ.
ვერც მჯიღის ცემა,ყანწით კეკლუცი,
ვერ დაგიმკვიდრებს იმიჯს კაცისას.
სუფრაზე ლომო,ომში ჯაბანო,
როგორ ახსენებ სახელს კახისას?!
თუ არ დაიცავ მიწას რაც გერგო!
და დაუძახებ მტერს ბაბაიას!
აღარ გაუზრდი შვილს შენზე ერთგულს
ერს დავითისას და თამარისას!
ვერ გავბრწყინდებით მაშინ ვერასდროს
არ ასრულდება ძველი ლეგენდა,
ჩალაგამობმულ სახედარივით
ყვავი ჭაობში მიგვერეკება.
-რად შეგვაღონე,წადი,მოგვცილდი,
ხალხი ვართ ლაღი,თავისთავადი
მუდამ გახსოვდეს რომ მტრის მონობით
ვეღარ გახდები ჩვენში თავადი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი